საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ,,საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა იცვლება.
მოქმედი რედაქციით, დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს.
ადმინისტრაციის განცხადებით, ცვლილებების მიხედვით კი, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი, პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს.
„100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.
ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა. ეს აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად. - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასული წლის 5 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.
კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა.
2022 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, პრეზიდენტის წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა. საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გიორგი კალანდარიშვილმა განაგრძო.
არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკო-ს საკითხზე მომზადებულ კანონპროექტს უარყოფითად აფასებდნენ და აცხადებენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის წესის ცვლილებაზე „ქართლი ოცნების" კანონპროექტი უფრო მეტად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და "უკიდურესად დააკნინებს" პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში.