დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის განცხადებით, „ვაგნერის“ მებრძოლების წარუმატებელი ამბოხის გამო, დიდი ბრიტანეთი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს.
„ჯერ ძალიან ნაადრევია იმის პროგნოზირება, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას, თუმცა ჩვენ, როგორც ყოველთვის, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ ", - განაცხადა რიში სუნაკმა.
სუნაკმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი „ყურადღებით აკვირდება“ რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ევგენი პრიგოჟინის მოკლევადიანი ამბოხის შემდეგ.
„ეს ის სიტუაციაა, რომელსაც ჩვენ გარკვეული პერიოდი ვაანალიზებთ და თვალს ვადევნებთ, რადგან ჩვენ ვაცნობიერებთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე „ვაგნერის“ ჯგუფის და პუტინის რეჟიმს შორის დაძაბულობის პოტენციურ მადესტაბილიზებელ გავლენას", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“.
23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.
„ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე".
24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.
ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს.
„დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა.
ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება.
ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა.
„ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერდა პრიგოჟინი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. მან რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“.
ჯოზეფ ბორელის თქმით, „ვაგნერის ამბოხება“ მოსკოვის სამხედრო ძალაში ბზარებს აჩენს.
ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.
ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში.
უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ.
2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა.
„დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.