როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები

  • ISW: კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური ვითარების წინაშეა, მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი
  • ვარაუდები იმის შესახებ, რომ პრიგოჟინის აჯანყება, კრემლის პასუხი და ლუკაშენკოს შუამავლობა, კრემლის მიერ იყო დადგმული, აბსურდულია
  • ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ, კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი „პრიგოჟინის ამბოხის“ ანალიზსს გვთავაზობს. ISW-ს ანალიტიკოსების შეფასებები, რომლებსაც ხსენებული ინსტიტუტი ტრადიციულად აქვეყნებს, პირველია მას შემდეგ, რაც კრემლი „ღრმად არასტაბილური ვითარების წინაშე აღმოჩნდა“.

ISW-ს ანალიტიკოსების შეფასებით, „ვაგნერის„ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის სწრაფმა გადაადგილებამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ნებისმიერი ფიგურის, სახელმწიფო საწარმოს და რუსეთის მთავრობის სხვა საკვანძო ფიგურების ყურადღება მიმართა იმ ფაქტისკენ, რომ სახელმწიფოსგან განცალკევებულ კერძო სამხედრო ძალებს შეუძლიათ შთამბეჭდავი შედეგების მიღწევა.

რას ამბობს აშშ-ის დაზვერვა „პრიგოჟინის გეგმებზე“

24 ივნისს, CNN-მა გამოაქვეყნა ამერიკული დაზვერვის ოფიციალური პირების შეფასებები იმ დროს, როდესაც „ამბოხის ირგვლივ“ შეთანხმება ჯერ არ იყო მიღწეული. მოხსენებაში პრიგოჟინის გეგმა შეფასებულია „გამოწვევად“, რომელსაც ვაგნერის ხელმძღვანელი „დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისთვის“.

მისივე თანახმად, დაზვერვის თანამშრომლებმა პრიგოჟინის გადაადგილებისა და რუსეთის სიახლოვეს აღჭურვილობის მობილიზების შესახებ, ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში აცნობეს კონგრესის ლიდერთა ჯგუფს.

CNN-ის თანახმად, ამერიკელი და დასავლელი დაზვერვის მაღალჩინოსნებისთვის თვალსაჩინო გახდა ნიშნები, რომ პრიგოჟინი ემზადებოდა ასეთი ნაბიჯისთვის, მათ შორის, იარაღისა და საბრძოლო მასალების მასიური შეგროვებით.

არსებული ცნობები მიუთითებს, რომ შეერთებულმა შტატებმა იცოდა რუსეთში მოსალოდნელი პროცესების შესახებ, ისევე როგორც 2021 წლის ბოლოს, როდესაც სადაზვერვო სააგენტოები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრას გეგმავდა. თუმცა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, სადაზვერვო სააგენტოები პრიგოჟინის გეგმების შესახებ ახლა დუმილს ინარჩუნებდნენ.


ოფიციალუი პირის თქმით, პრიგოჟინის განცხადებები უკრაინაში ოპერაციებისთვის საბრძოლო მასალის დეფიციტზე, მიზანმიმართული ტყუილი იყო, რათა საფუძველი ჩაეყარა რუსეთის ლიდერებისადმი პოტენციური სამხედრო გამოწვევისთვის.

დაზვერვის წყარომ ასევე განაცხადა რომ „ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“ და რთული ჩანდა იმის გარჩევა, თუ რამდენად სერიოზული იყო პრიგოჟინი რუსი სამხედროებისადმი მუქარის შესახებ განცხადებებში.

ბრიტანული დაზვერვის შეფასება

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე შაბათს, ხსენებული პროცესების საწყის ეტაპზე განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო ბოლო პერიოდში უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევის წინაშე დგას, მას შემდეგ რაც, „ვაგნერმა“ მოსკოვისკენ გადაადგილება დაიწყო.

„მომავალი საათების განმავლობაში, რუსეთის უშიშროების ძალების და განსაკუთრებით რუსეთის ეროვნული გვარდიის დამოკიდებულება მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, თუ როგორ განვითარდება ეს კრიზისი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა რუსეთის სახელმწიფოსთვის ბოლო პერიოდში“, - აღნიშნული იყო დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობებში.

მისივე თანახმად, ვაგნერის ჯგუფი გადავიდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ნაწილებიდან რუსეთში სულ მცირე ორ ადგილას და სავარაუდოდ, დაიკავეს უსაფრთხოების ძირითადი ადგილები დონის როსტოვში, მათ შორის შტაბ-ბინა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციებს  მართავს.

„ვაგნერის შემდგომი ქვედანაყოფები ვორონეჟის ოლქის გავლით, ჩრდილოეთით მოძრაობენ და სავარაუდოდ, მოსკოვამდე მისვლას აპირებენ“, -
აღნიშნავდა ბრიტანეთის დაზვერვა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლერლიმ შაბათს გამართა საგანგებო შეხვედრა (COBR) რათა გაეანალიზებინა რუსეთში არსებული სიტუაცია და  ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება. მან და რიში სუნაკმა ასევე გამართეს მოლაპარაკებები G7-ის სხვა ლიდერებთან.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული დაზვერვა პრიგოჟინისა და პუტინის დაპირისპირების საკითხს მანამდეც აქტიურად განიხილავდა. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული „ვაგნერ ჯგუფის“ მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა.

 


შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“.


23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

 „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე".


24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. 

„ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს.

„დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა.


ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება.

ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა.


„ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი.

უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს.


უკრაინის პოზიცია 

„დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე.


24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.


საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია

ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას.

„ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე.

თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

„შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე.

„სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა.


ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა.

„სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.