ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შტატები შეშფოთებას გამოთქვამს ნებისმიერი ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც შეეცდება, გვერდი აუაროს სანქციებსა და ზომებს, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა.
მილერს ტრადიცულ ბრიფინგზე ჰკითხეს: „ელჩი ო’ბრაიენი ევროპელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად თბილისში მიემგზავრება სანქციების საკითხის განხილვის მიზნით. ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველო რუსეთს სხვა ქვეყნებთან ერთად ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. რატომ იმართება ეს ვიზიტი ახლა და რა ინსტრუმენტებს ფლობს შეერთებული შტატები ხსენებული ვიზიტის ფარგლებში დაწყებული მოლაპარაკების ფონზე?
მეთიუ მილერი: დისკუსიებზე დეტალურად საუბარი არ მსურს. მხოლოდ ის შემიძლია, ვთქვა, რომ გვაქვს შეშფოთება ნებისმიერ ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც შეეცდება, თავიდან აირიდოს სანქციები და სხვა ზომები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დავაწესეთ. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ გზებს, რომლითაც შეგვიძლია გამკაცრდეს სანქციები, ან მკაცრი ზომები მივიღოთ ნებისმიერი ფიზიკური პირის ან კომპანიის მიმართ, რომლებიც ცდილობენ, თავიდან აიცილონ ისინი, მაგრამ ჩემი მხრიდან მიზანშეწონილი არ იქნება მათ შესახებ დაწვრილებით საუბარი“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვევა, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება.
ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი.
„ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან.
ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.
იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა.
ოფიციალური შეხვედრები დღეიდან იწყება.