აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში

დღეს, 26 ივნისს (დღის მეორე ნახევარში), სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.

„ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებლული დიალოგის ჩამოყალიბება. "საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტისთვის და არის იმედი, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს იქნება ერთობლივი ვიზიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.

ვიზიტის ფარგლებში, ხვალიდან გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნათია თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან. დევიდ ო’სალივანი, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება.


ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვევა, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება.

ბრიტანულ მხარეს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.


ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება. 

უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი გააფართოებს თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან სანქციების გვერდის აცილების კუთხით.

დიპლომატების თქმით, ყველაზე დიდი სიახლე იყო ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიის მესამე ქვეყნებისთვის მიყიდვაზე შეზღუდვების დაწესება, რომლებმაც შესაძლოა, ის რუსეთს მიჰყიდონ. 

ახალი სანქციები გააძლიერებენ საექსპორტო კონტროლს და შემოიღებენ იმ არარუსულ კომპანიებზე ზემოქმედების ახალ მექანიზმს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან წინა სანქციების თავის არიდებაში.

ევროკომისიამ პირობა დადო, რომ ახალი პაკეტი სანქციების თავიდან არიდების მცდელობის აღკვეთას მოემსახურებოდა. დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და დღემდე აგრძელებს მას. ახლა უკრაინა კონტრშეტევის ეტაპზეა, პარტნიორები კი, მისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას აქტიურად განაგრძობენ.