დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ

ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები, რომლებიც სანქციების განხორციელების მიმართულებას კურირებენ, საქართველოში შეხვედრებს განაგრძობენ. საგარეო უწყებისა და მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, შეხვედრისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ეს არჩევანი დღეს ისე მტკიცეა, როგორც არასდროს. მისივე განცხადებით, ხელისუფლება მზად არის ამ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად.

„დელეგაციის წევრებთან დეტალურად იყო განხილული, თუ როგორ ეხმარება საქართველო აშშ-ს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მათ მიერ დაწესებული სანქციების შესრულების კუთხით. ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობა არ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიითა და ფინანსური სისტემით სარგებლობას სანქციების თავის არიდების მიზნით.

მისივე განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და მკაცრად კონტროლირდება ყველა საბაჟო თუ ფინანსური ოპერაცია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ ეხმარება საქართველო ევროკავშირს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების მხრივ.


ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო კვლავ გააგრძელებს ახალი სანქციების შესრულების კუთხით რისკების პრევენციის მხრივ პარტნიორების დახმარებას და დეტალურად მოხდება ამის განხილვა შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ძალიან პოზიტიური იყო ის შეფასება, რომელიც მივიღეთ სანქციების შესრულების კუთხით საქართველოს მხრიდან დახმარების თვალსაზრისით და მოვისმინეთ მადლობა ამ თანამშრომლობის ნაწილში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


მისივე განცხადებით, საქართველო დღეს საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს დელეგაციის მხრიდანაც აღინიშნა. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას და აქედან გამომდინარე ეკონომიკურ ტენდენციებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

„ვფიქრობ, მომავალში მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება როგორც ევროკავშირის სტრუქტურებთან, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხზე, რათა კოორდინირებული მუშაობით უფრო ეფექტიანი იყოს სავაჭრო ურთიერთობები და ასევე აცილებული იყოს რისკები, რომელიც შეიძლება სანქციების გვერდის ავლას ითვალისწინებდეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ესწრებოდნენ.


ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება.

ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო  თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის სანქციების დესპან,  დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი.

„ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან.

ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.


იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა.

ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო.

ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება. 

უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს.