მეშახტეთა პროტესტს "საქნახშირი" იანვრის თვის შედეგების შეჯამებას უკავშირებს

"N4 ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლები უარს აცხადებენ შახტიდან ამოსვლაზე, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა და ავარიული სიტუაცია. ინციდენტის დაწყების მომენტიდან კომპანია შეეცადა, გაერკვია მომხდარის მიზეზი, რის შემდეგაც იკვეთება, რომ, სავარაუდოდ, აღნიშნული შესაძლებელია უკავშირდებოდეს N4 ნახშირმომპოვებელი უბნის მუშაობის იანვრის თვის შედეგების შეჯამებას", - ამის შესახებ განცხადებას "საქნახშირი" ავრცელებს.

განცხადებაში კომპანია აქვეყნებს უბნების მიერ მოპოვებული ნახშირის რაოდენობას და აღნიშნავს, რომ მეოთხე უბანმა გეგმა სხვებისგან განსხვავებით, მხოლოდ 77 პროცენტით შეასრულა.

"10 თებერვალს, დღის 11 საათზე, საქნახშირის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ინიციატორები იყვნენ IV უბნის ხელმძღვანელები და მოხდა იანვრის თვის შედეგების შეჯამება-განხილვა. საერთო ჯამში, იანვრის მონაცემები და უბნების მიერ მოპოვებბული ნახშირის რაოდენობა ასეთია:

II უბანმა 6100 ტონა მოიპოვა და გეგმა 110.9 % -ით შეასრულა, რაც მოიცავს 91.01 ₾ დღეზე.

VI უბანმა მოიპოვა 5405 ტონა, გეგმა შესრულდა 108.1 % - ით. ანაზღაურებამ შეადგინა 90.00 ₾ დღეზე

IV უბანმა მოიპოვა 4660 ტონა, გეგმა შესრულდა მხოლოდ 77.7 % -ით. ანაზღაურებამ დღეზე 48.00 ₾ შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ VI და II უბნის თანამშრომლებმა იანვრის თვეში გადაჭარბებით შეასრულეს გეგმა და შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მათ ანაზღაურებას ბონუსიც დაემატა. IV უბანმა კი გეგმის მხოლოდ 77.7 % შეასრულეს რაც შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად (რომელიც თანამშრომლებსა და კომპანიას შორის არის გაფორმებული) მათ გამომუშავებულ ანაზღაურებაზე აისახა", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაში წერია, N4 ნახშირმომპოვებელ უბნის თანამშრომლებისა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით, შედგა სპეციალური კომისია, რომელიც უახლოესი 10 დღის ვადაში შეისწავლის იმ გარემოებებს, რის გამოც IV უბნის თანამშრომლებმა ვერ შეასრულეს გეგმა.

"თანამშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების წესების დარღვევის ლიკვიდაციამდე, (მიმდინარე წლის 11 თებერვლის 23:55 საათიდან) შეჩერდა N4 ნახშირმომპოვებელ უბანში შახტის დამხმარე ჭაურით ხალხის ჩაყვანა. აღნიშნული ჭაურით მოხდება იმ პერსონალის ჩაყვანა და ამოყვანა, რომლებიც უზრუნველყოფენ შახტის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.

11 თებერვლის პირველი ცვლიდან N4 ნახშირმომპოვებელ უბანში პერსონალის გადაყვანა მოხდება „მინდელის“ სახელობის შახტიდან, ვიდრე არ მოხდება აღნიშნული ვითარების ლიკვიდაცია. მათი ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი იქნება ავტოტრანსპორტი.

N4 მომპოვებელი უბნის თანამშრომლებს არ ეზღუდებათ სასადილოთი სარგებლობა და სურვილის შემთხვევაში, საკვების მიღების შემდეგ, შეძლებენ უკან დაბრუნდნენ", -ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მეშახტეების ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის. ისინი იანვრის თვის სახელფასო ანაზღაურების განახევრებას აპროტესტებენ. 10 თებერვალს, ძიძიგურის შახტის მე-17 უბნის მეშახტეთა ნაწილი ცვლის დასრულების შემდეგ შახტში ჩაიკეტა.

ტყიბულის შახტების ადმინისტრაციისთვის შახტში გამოკეტილი მეშახტეების მოთხოვნები უცნობია