„ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი მზადყოფნა და სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს ჩვენი კოლექტიური თავდაცვის შემდგომი გაძლიერების მიზნით, უფრო მაღალი მზადყოფნის ძალებითა და მეტი შესაძლებლობებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს სანდო შეკავება და თავდაცვა მთელი ალიანსისთვის. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს მივიღებთ NATO-ს მომავალ სამიტზე, სულ რამდენიმე დღეში“, - ასე პასუხობს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის წევრების შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრიგოჟინის ბელორუსში ჩასვლა, უსაფრთხოების მეტ ზომას მოითხოვს.
„აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩვენ გავუგზავნეთ მკაფიო გზავნილი მოსკოვს და მინსკს, რომ NATO არსებობს, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე, NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრი.
ჩვენ ამას ვაკეთებთ კომუნიკაციის საშუალებით, მაგრამ ასევე ჩვენი ქმედებებით უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში ინვესტიციების განხორციელების გზა.
ამდენად, მოსკოვში ან მინსკში არ არსებობს გაუგებრობა ჩვენს შესაძლებლობებთან დაკავშირებით, დავიცვათ მოკავშირეები ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება „ვაგნერის“ ძალების გადაადგილების საბოლოო შედეგები“, - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა.
სტოლტენბერგმა დამაზუსტებელ შეკითხვას უპასუხა: „რამდენად შეშფოთებული ხართ პრიგოჟინის ბელორუსში ყოფნით და NATO-ს რა გარანტიები შეუძლია, მისცეს აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფ წევრებს, რომლებიც დღეს გამოხატავენ შეშფოთებას ამ ნაბიჯის გამო? რა შეუძლია გააკეთოს NAT0-მ ამ შეშფოთების შესამსუბუქებლად?“
„მჯერა, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე საბოლოო დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება იმ ფაქტს, რომ პრიგოჟინი ბელორუსშია და, სავარაუდოდ, მისი ძალების ნაწილი ასევე განთავსდება ბელორუსში. ჯერ ადრეა საუბარი. მაგრამ ჩვენ დავაკვირდებით და დავრწმუნდებით, რომ ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ NATO-ს ყველა მოკავშირე და განსაკუთრებით ის მოკავშირეები, რომლებიც ბელორუსის მოსაზღვრე ქვეყნებს წარმოადგენენ.
ბელორუსის ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა ლიეტუვაა. მე ვიყავი იქ გუშინ და ვნახე, როგორ ატარებენ წვრთნებს NATO-ს ჯარები, გერმანული ჯარები. ჩვენ ვნახეთ გერმანიის, როგორც NATO-ს მოკავშირის, განცხადება ლიეტუვაში მისი ყოფნის შემდგომი გაზრდის შესახებ.
ასე რომ, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა, გვყავს ძალები, გვაქვს გეგმები. ჩვენ გვაქვს ვალდებულება და გადაწყვეტილება, განვათავსოთ ის, რაც საჭიროა, როცა საჭიროა, რათა უზრუნველვყოთ, რომ არ იყოს გაუგებრობა ჩვენს შესაძლებლობებთან მიმართებით, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი.
ჩვენ ამას ვაკეთებთ არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ, კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ეს არის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ნებისმიერ პოტენციურ მოწინააღმდეგეს. რა თქმა უნდა, მოსკოვისა და მინსკის ჩათვლით“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ცნობისათვის, 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.