„ვაგნერის“ გადაადგილება ბელორუსში, ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია. ხსენებული განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ გააკეთა.
პოლონეთის პრეზიდენტის თანახმად, NATO-ს წარმომადგენლებმა, 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა განახორციელონ, რათა გააუმჯობესოს თავდაცვის დაგეგმვა და უზრუნველყოს მოკავშირეთა ძალების უფრო სწრაფი რეაგირების შესაძლებლობები.
„ახლა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის - პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოებას ვაძლიერებთ. ვხედავთ რა ხდება აღმოსავლეთით. „ვაგნერის” ჯგუფი ბელორუსში გადაადგილდება, რაც ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია და ამას ჩვენს მოკავშირეებამდე მივიტანთ”, - განაცხადა დუდამ.
აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება ასევე მოითხოვეს ლატვიაში. „ვაგნერის“ ჩასვლა ბელორუსში, უნდა განიხილებოდეს NATO-ს სამიტისა და ყველა დისკუსიის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ თავდაცვის, შეკავების და საჭირო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აუცილებელია აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა.
26 ივნისის განცხადების თანახმად კი, ვიდრე ოფიციალურად განაცხადებდნენ, რომ ლუკაშენკო ბელორუსშია, ლიეტუვის პრეზიდენტი ამბობდა, რომ პრიგოჟინი თუ ბელორუსში აღმოჩნდება, ლიეტუვა NATO-ს აღმოსავლეთის ფლანგის კიდევ უფრო გაძლიერებას მოითხოვს.
ნაუსედამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სპეცსამსახურები გააძლიერებენ ლიეტუვის უსაფრთხოების პოლიტიკის ასპექტების და მეზობელ ბელორუსში შექმნილი სიტუაციის შეფასებას.
„თუ პრიგოჟინი ან „ვაგნერის“ ჯგუფის ნაწილი ბელორუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი ზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვჭირდება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ხაზი გაუსვა, რომ „ვაგნერის“ გადაადგილების სისწრაფემ აჩვენა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვა უნდა გაძლიერდეს. „ჩვენი ქვეყნების საზღვრები ამ აქტივობიდან სულ რაღაც ასეულ კილომეტრშია, ასე რომ, შესაძლოა მათ 8-10 საათი დასჭირდეთ, რომ მოულოდნელად გამოჩნდნენ სადღაც ბელორუსში, ლიეტუვასთან ახლოს. ეს ქმნის უფრო არასტაბილურ, არაპროგნოზირებად გარემოს ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ ბალტიის რეგიონის დაცვის საკითხს“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.
ბელორუსი NATO-ს წევრ ლატვიას, ლიეტუვას და პოლონეთს ესაზღვრება.
„საფრანგეთი შეიძლება იყოს ღირებული პარტნიორი ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საქმეში. ჩვენ ვიცით ფრანგული ტექნოლოგიების შესახებ და ის შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ჩვენი შეკავების სტრატეგიის ნაწილი, რათა „ვაგნერმა“ და არცერთმა რუსმა სამხედრომ არ იფიქროს ბალტიის ქვეყნების საზღვრების გადაკვეთაზე“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ორშაბათს, გერმანიამ განაცხადა, რომ მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს
დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში.
ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა.
ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.
ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში.
უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ.
2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა.
„დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.