მედია: ლუკაშენკომ 2700-კაციანი ასამბლეა ჩაატარა, რასაც შესაძლოა, უფრო მეტი დემონსტრაცია მოჰყვეს

ალექსანდრე ლუკაშენკომ საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი ღონისძიება გახსნა. ბელარუსის პრეზიდენტმა, „მხოლოდ ბელარუსელი ხალხის ასამბლეას“ უმასპინძლა, რეფორმებისა და ქვეყნის განვითარების განსახილველად“. ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ლუკაშენკოს თქმით, ასამბლეაზე შესაძლოა, განიხილონ საკონსტიტუციო რეფორმების გეგმები. ამასთან ერთად, ხელისუფლებასთან დაახლოებული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ, შესაძლოა, პოლიტპატიმრების ამნისტიაც გამოაცხადონ.

ასამბლეაში 2,700-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დელეგატების უმეტესობა მთავრობის მომხრე მაღალჩინოსანია. Reuters-ის ცნობით, ორდღიანმა ღონისძიებამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი დემონსტრაცია გამოიწვიოს.

ქვეყანაში, გასული წლის 9 აგვისტოდან ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს, აქციების ფონზე ლუკაშენკო მოსახლეობას სხვადასხვა დაპირებებს სთავაზობდა, მან გარკვეულ მომენტში მოქალაქეებს,პრეზიდენტის პოსტის დატოვებაც კი დაპირდა.