აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში

ექსკლუზივი

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლას მხარს უჭერს. Europetime-თან კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში.

„შეერთებული შტატები დიდი ხანია მხარს, უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად“, - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში. 

ვაშინგტონი აღიარებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც „ეს საბორნე მარშრუტები ქმნის“.

„ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს შესაძლებლობებს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში“, - აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში.


ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება. 

„ჩვენ ვაღიარებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) კვლევას და მოუთმენლად ველით მის შედეგებს, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


შეგახსენებთ, საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა 27 ივნისს დაიწყო.

ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. ხსენებულ დეკლარაციას წინ უძღოდა 4 სახელმწიფოს შორის გამართული სამუშაო შეხვედრები.


გასული წლის 10 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ქვეყნებს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე დეკლარაცია გააფორმეს.
 
მისი მიხედვით, საქართველო და NATO-ს წევრი რუმინეთი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია, აძლიერებენ ძალისხმევას შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო, ციფრული და ენერგო-მარშრუტების განვითარებისა და გაფართოების მიზნით, მათ შორის, სამეზობლოსთან მიმართებით.
 
დღის წესრიგშია შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატვირთო გადაზიდვების დერეფნის შექმნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ამოქმედება, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად; რუმინეთისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებს შორის პირდაპირი და რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყება; პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება; რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზისა და წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა. მხარეები ისწრაფვიან, გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, წვრთნები და საპორტო ვიზიტები შავი ზღვის რეგიონში.