რუმინეთის ელჩი მიესალმება მის ქვეყანასა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას. ელჩის შეფასებით, რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის ამოქმედება აძლიერებს კავშირს აღნიშნულ ქვეყნებსა და შავი ზღვის ორ სანაპირო ზოლს შორის. რაზვან როტუნდუ ხსენებული დერეფნის პოტენციალს უსვამს ხაზს.
- ელჩი ხაზს უსვამს, რომ კონსტანცის პორტი უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს დუნაისთან, რაც ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა.
„ჩვენ ნამდვილად მოხარული ვართ კონსტანცასა და ფოთს შორის საბორნე ხაზის ამოქმედებით. რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყება აძლიერებს კავშირს ჩვენს ქვეყნებსა და შავი ზღვის ორ სანაპირო ზოლს შორის. ხსენებული დერეფნის პოტენციალი მაღალია, რადგან მას შეუძლია, უფრო ფართო რეგიონები, ასევე, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია დააკავშიროს ევროკავშირთან. კონსტანცის პორტი გვთავაზობს პირდაპირ კავშირს დუნაისთან, რაც ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. ჩვენ ასევე მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ბორანი გვთავაზობს მომსახურებას როგორც ტვირთისთვის, ასევე, მგზავრებისთვის“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს წერილობით კომენტარში.
ცნობისთვის, აშშ საქართფელოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას მხარს უჭერს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს ექსკლუზიურად განუცხადა. საბორნე მიმოსვლა 27 ივნისს ამოქმედდა.