საქართველოში თურქული ნედლეულით დამზადებული პროდუქცია, ევროკავშირში ექსპორტისას გადასახადებისგან გათავისუფლდება

საქართველოში თურქული ნედლეულით დამზადებული პროდუქცია, ევროკავშირში ექსპორტისას გადასახადებისგან გათავისუფლდება. შესაბამისი დოკუმენტის რატიფიკაცია თურქეთის პარლამენტმა 10 თებერვალს მოახდინა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ფარგლებში მოხდება. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს

„თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების ცვლილებების შეტანის შესახებ", თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის N1/2016 გადაწყვეტილება დაამტკიცა, რაც დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.

აღნიშნული დოკუმენტით, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. ხსენებული შეთანხმება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი და რომლის მიხედვითაც, მოგებული დარჩება როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ბიზნესი. ამასთან, შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.