ელჩი დეგნანი: საქართველო და უკრაინა ძალიან აგრესიული საერთო მტრის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ

ამერიკის ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო და უკრაინა მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას დიპლომატიური არხებით თუ კერძო საუბრებით შეძლებენ. ამის შესახებ ელჩმა მედიას განუცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას სააკაშვილის საკითხის გარშემო უკრაინის რეაქციაზე.

„კომენტარს ვერ გავაკეთებ ოფიციალურ კომუნიკაციაზე საქართველოსა და უკრაინას შორის. ჩვენ ყველას გვესმის, რომ საკმაოდ რთული პერიოდია, ასეთი უზარმაზარი ზეწოლაა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან და ასევე - საქართველოზე და ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და უკრაინა ერთად დადგნენ, მათ ჰყავთ საერთო მტერი და ისინი ძალიან აგრესიული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ. ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური არხებით თუ კერძო საუბრებით, საქართველო და უკრაინა შეძლებენ, რომ გადალახონ მათ შორის არსებული განსხვავებები,“ - განუცხადა ელჩმა მედიას.


3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა.

მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.

უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას.