დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.თ. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას - 1964 წელს დაბადებულ მ.თ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, - იუწყება შსს.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.