თეგი: კახეთი

კახეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სავარაუდოდ, მწყემსმა 50 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა

კახეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მწყემსმა 50 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. ამ დროისთვის, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე პოლიციის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში: კახეთში ჩემს ორდღიან ვიზიტს მანავის ციხიდან ვიწყებ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი კახეთის რეგიონს ეწვივნენ. ვიზიტი მანავის ციხეში დაიწყო, სადაც ელჩმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ახლადრეაბილიტირებული გზა მოინახულა. „კახეთში ჩემს ორდღიან ვიზიტს მანავის ციხიდან ვიწყებ. მოვინახულებ სხვადასხვა პროექტს, რომელსაც ჩვენ, რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვახორციელებთ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ეს არის ევროკავშირის იმ დიდი მიზნის ნაწილი, რომელიც ქვეყნის რეგიონების თანაბარ განვითარებას ითვალისწინებს.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი დაამტკიცა

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი, რომლის ფარგლებში გამოყოფილი 109 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებით მოხდება კახეთის რეგიონის დედაქალაქთან და ქვეყნის ავტომაგისტრალთა ქსელთან დაკავშირება. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. „ეს არის პროექტი, რომელიც დააჩქარებს კახეთის განვითარებას და გადამწყვეტი იქნება რეგიონის ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური განვითარებისთვის და დიდ გავლენას იქონიებს არა მარტო კახეთის, არამედ მთლიანად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესზე“, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ. ამასთან, მსოფლიო ბანკის ცნობით, კახეთი, როგორც მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო და ღვინის წარმოებისა და ექსპორტის ცენტრი, რომელსაც ტურიზმისა და ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, ამ პროექტის განხორციელების შედეგად სარგებელს მიიღებს ტვირთების გაზრდილი მოძრაობით, ისევე როგორც შედარებით უფრო ხანმოკლე და უსაფრთხო მგზავრობით დედაქალაქამდე და ქვეყნის სხვა რეგიონებამდე. ასევე, მოსალოდნელია, რომ პროექტი წვლილს შეიტანს COVID-19 კრიზისიდან ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესში, განსაკუთრებით მოკლევადიან პერსპექტივაში – სამშენებლო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნით და ადგილობრივი მეწარმეებისთვის შემოსავლის გაზრდით.

კახეთში სტიქიის შედეგად სახლები დაიტბორა

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, კახეთის რეგიონში მდინარეები ადიდდა. სტიქიამ პრობლემები შექმნა გურჯაანსა და ახმეტაში. რადიო თავისუფლებას გურჯაანის მერიაში განუცხადეს, რომ ადიდებული მდინარეებიდან გადმოსულმა წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დააზიანა საუბნო გზები. სახლები დაიტბორა სოფლებში: ძირკოკში, ჭანდარში, ვეჯინში, კალაურში და სოფელ გურჯაანში. საცხოვრებლები დატბორილია ქალაქ გურჯაანშიც. გურჯაანის მერის, ზურაბ უტიაშვილის თქმით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაო უკვე დაიწყო. სტიქიას ებრძვიან ახმეტაშიც. ადიდებულმა მდინარე ილტომ სოფელ ნადუქნართან სასმელი წყლის მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც ახმეტის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდა.  

საქართველოს პროკურატურა: სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარებისათვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სხვადასხვა დროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი ზ.გ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით და სამსახურებრივი სიყალბის გზით, ხუთ მოქალაქეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, საერთო ჯამში - 6 353 744 კვ.მ. მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებაში დაეხმარა. "თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ჩანაწერის შეტანა, ჩადენილი პირადი მოტივით) და 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ზემოაღნიშნული ხუთი პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება ჩადენილი დიდი ოდენობით) და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

კახეთში ერთმანეთს ტრაილერი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ

კახეთში, კაჭრეთის გზაზე ერთმანეთს ტრაილერი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.  როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. ასევე წაიკითხეთ: რაჭაში, ავტოავარიის შედეგად ძმები დაიღუპნენ  

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა. ახალი გუბერნატორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა წარუდგინა. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით გიორგი ალადაშვილი წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან არის, საჯარო სამსახურში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის წლების განმავლობაში მუშაობდა კახეთის რეგიონში. ლერი ბარნაბიშვილის თქმით, კახეთის მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა. გიორგი ალადაშვილს განათლება მიღებული აქვს როგორც ევროპაში ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის მას მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში. გიორგი ალადაშვილი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ლერი ბარნაბიშვილმა კახეთის ყოფილ გუბერნატორს ირაკლი შიოშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ გუბერნატორს წარმატებები უსურვა. „გიორგი ალადაშვილი წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან არის, კახეთის მხარის ახალი რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა. მას მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში. გიორგი ალადაშვილს საჯარო სამსახურში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის ახალი სახელმწიფო რწმუნებული მუშაობდა კახეთის რეგიონში წლების განმავლობაში და მან კარგად იცის რეგიონის სპეციფიკა საჭიროებები და გამოწვევები. დღეს ჩვენ ახალი გუბერნატორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარვუდგინეთ,“- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა. თავის მხრივ ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს პოსტი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. „მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა გახლავთ დავიკავო სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა კახეთის რეგიონში , რეგიონი ჩემთვის უცხო არ არის, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან ვარ, წლების განმავლობაში ვმუშაობდი კახეთის რეგიონში, ვაპირებ, ყველა მუნიციპალიტეტში ადგილზე გავეცნო იმ გამოწვევებს და საჭიროებებს, რომელიც დღეს აწუხებს მოსახლეობას,“-განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.  

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში 20 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

"რთველი 2022-ის ფარგლებში, კახეთში გადამუშავდა 20 ათას ტონამდე ყურძენი. 6 სექტემბრის მდგომარეობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 1 000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 16 მლნ ლარს აღწევს", - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, რთველი აქტიურ ფაზაშია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. გადამუშავებული 20 ათასი ტონიდან 7 ათას ტონამდე რქაწითელი, 9 ათას ტონამდე საფერავი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 200-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 70-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა. სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და ერთ კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს.  

13 სექტემბრის მდგომარეობით კახეთის რეგიონში 53 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

13 სექტემბრის მდგომარეობით კახეთის რეგიონში 53 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, მევენახეებს ყურძნის რეალიზაციის პრობლემები არ შექმნიათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ყურძნის დღიური გადამუშავება 8-10 ათასი ტონის ფარგლებშია. ღვინის კომპანიები ყურძენს ხარისხის მიხედვით აფასებენ. რქაწითელის ჯიშის ხარისხიან ყურძენზე ფასმა 1.10 ლარსაც მიაღწია. გადამუშავებული 23 ათასი ტონა რქაწითელიდან 5,3 ათას ტონამდე ამ ჯიშის ყურძენში ღვინის კომპანიებმა 95 თეთრიდან 1.10 ლარამდე გადაიხადეს. ხოლო გადამუშავებული 23 ათას ტონამდე საფერავიდან 15 ათას ტონაში კერძო კომპანიების მიერ გადახდილია 1.55 ლარიდან 1.75 ლარამდე“ - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემა ლევან მეხუზლამ. მათივე ცნობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 4200-მა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 47 მილიონ ლარს აღწევს. :რთველი აქტიურ ფაზაშია გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტები ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 130-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა. სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებს ყურძენი 16 000-მდე მევენახემ ჩააბარა - ღვინის ეროვნული სააგენტო

26 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებს ყურძენი 16 000-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 174 მილიონ ლარს აღწევს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ რეგიონში 175,5 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. „ყველაზე დიდი რაოდენობით ყურენი გადამუშვებულია ყვარლის მუნიციპალიტეტში - 47,7 ათასი ტონა, შემდეგია: გურჯაანი - 45 ათასი ტონა, თელავი - 34 ათასი ტონა, სიღნაღი - 20,3 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 11,1 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 6,5 ათასი ტონა, ახმეტა - 6,8 ათასი ტონა და საგარეჯო 3,7 ათასი ტონა. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი. ამ ეტაპამდე ყურძნის დაწურვის პროცესში 225 საწარმო იყო ჩართული. ყურძნის დღე-ღამური გადამუშავება 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია. გასული წლების ანალოგიურად, რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს კოორდინაციას რთველის შტაბი უწევს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ოთარ შამუგია: კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 222 ათასი ტონა დაბინავებულია

 კახეთში დაახლოებით ყურძნის მოსავლის 80 პროცენტი უკვე გადამუშავებულია და მევენახეებმა ყურძნის მიღება-გადამუშავებით, დაახლოებით 230 მლნ ლარის ღირებულების შემოსავალი მიიღეს, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „რთველი კახეთში დასასრულს უახლოვდება. მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია. გადამუშავებულია 222 ათასამდე ტონა ყურძენი. გადამუშავებული ყურძნიდან 127 ათას ტონამდე რქაწითელია, 82 ათას ტონამდე საფერავი და დაახლოებით 5.3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, საკოორდინაციო შტაბს, ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაბამის სამსახურს, რომელიც რთველის პროცესშია ჩართული“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.  

კახეთში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

2000 წელს დაბადებული თ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს 1996 წელს დაბადებულ მ.გ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

კახეთში მკვლელობა მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა კაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას - 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

კა­ხეთ­ში, დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

კა­ხეთ­ში, დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კაცის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს ადვოკატები ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან მისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. სახელმწიფო ბრალდებამ კი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.  რაც შეეხება ბრალდებულს, პროცესზე მან განმარტა, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, მომხდარი არ ახსოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  

დის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: ეს არ არის განზრახ დანაშაული

"დაცვის მხარე ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის მომავალში კვალიფიკაციის შეცვლაზე, რადგან ეს არ არის განზრახ დანაშაული", - კა­ხეთ­ში, დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულის ადვოკატმა განაცხადა. კა­ხეთ­ში, დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა "დაცვის მხარე ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის მომავალში კვალიფიკაციის შეცვლაზე, რადგან ეს არ არის განზრახ დანაშაული. ამ ეტაპზე, გარკვეულ ნაწილადაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს არის გაუფრთხილებელი დანაშაული, რომლის ნიშნებიც იკვეთება ამ კუთხით. დაცვის მხარეც უკვე მომავალში გადაწყვეტს განაჩენების გასაჩივრების საკითხს" - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სიღნაღის თაღი დაზიანდა

სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თაღი დაზიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარე ავრცელებს. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. "სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თაღი დაზიანდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.   სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.   განახლება   250 ლარით დააჯარიმეს მძღოლი, რომელმაც სიღნაღში მე-18 საუკუნეში აშენებული გალავნის თაღი სავარაუდოდ, დააზიანა. შსს-ს ცნობით, საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ისტორიული წყაროების თანახმად, სიღნაღის ციხე-გალავანი, რომლის სიგრძეც სიგრძე, დაახლოებით, 4 კილომეტრია, 1762 წელს მეფე ერეკლე მეორის გადაწყვეტილებით აშენდა.   რადიო თავისუფლება ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატვირთო საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან თურქეთში მიდიოდა, ტრანზიტული გზა შეეშალა და შეცდომით სიღნაღის გზაზე მოხვდა.

კახეთში, ავტომანქანას, რომელშიც ცოლ-ქმარი იჯდა, მატარებელი დაეჯახა

გურჯაანში მსუბუქ ავტომობილს სატვირთო მატარებელი დაეჯახა, დაშავებულია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის, გელა ორველაშვილის განმარტებით, დაშავებული კაცის მდგომარეობა მძიმეა. "შემოიყვანეს ორი დაშავებული, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ქალს ჰქონდა ხელის მოტეხილობა, ჩაუტარდა ამბულატორიული მკურნალობა და გავწერეთ. რაც შეეხება კაცს, მისი მდგომარეობა მძიმეა. ჩაუტარდა მრავლობითი ოპერაციები და ამ დროისთვის რეანიმაციაში იმყოფება,“ - განაცხადა ორველაშვილმა.  

კახეთის პოლიციამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

კახეთის პოლიციამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ა.თ. ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ორი წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას. ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.  

კახეთის პოლიციამ ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, 1976 წელს დაბადებულ მ.რ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა. 1985 წელს დაბადებული ა.ა. დაკავებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით. 1985 წელს ლ. მ.-ს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა. დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება 1996 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს და 1989 წელს დაბადებულ გ.ტ.-ს, მათი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო ქმედებები. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ , ნ.ბ.-მ, მ.რ.-მ და ზ.ბ.-მ ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცეს ლ.მ.-ის ფერმიდან 600 ცხვარი. ლ.მ.-ს და გ.ბ.-ს შორის მომხდარი კონფლიქტის გარკვევის და დავის მოგვარების მიზნით, ლ.მ.-ის მხარემ კრიმინალურ ავტორიტეტს - ა.ა.-ს მიმართა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ა.ა.-მ და გ.ტ.-მ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მწყემსებს, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ გ.ბ.-ის კუთვნილ 1068 ცხვარს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ,,აკ-74’’-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები, აგრეთვე, ,,ნაგანის’’ სისტემის პისტოლეტი ვაზნებით, რომლებიც ა.ა.-მ და გ.ტ.-მ სავარაუდოდ მიმალვის დროს თავიდან მოიშორეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კახეთის პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა. „2003 წელს დაბადებული მ.ბ., 2001 წელს დაბადებული გ.მ., 1989 წელს დაბადებული მ.ს. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1994 წელს დაბადებული თ.ლ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის გამოყენებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, 1972 წელს დაბადებული გ.ც. მისი საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს, ფიზიკურად იძალადეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თავისუფლება აღუკვეთეს. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით, ასევე, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - ნაკრძალში ვიზიტორთა ცენტრს ხე დაეცა

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ ვიზიტორთა ცენტრს დაეცა. ადგილობრივების ინფორმაციით, ამავე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. რამდენიმე სახლს ქარმა სახურავი გადახადა. დაზიანდა სახურავის ერთი ნაწილი, ჭერი და ინვენტარი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სტიაქიას ებრძვიან ასევე, მარნეულში. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მარნეულსა და სოფლებში. უხვმა ნალექმა დატბორა საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.  

დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.თ. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას - 1964 წელს დაბადებულ მ.თ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, - იუწყება შსს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.  

კახეთში სეტყვამ და ქარიშხალმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

კახეთში სეტყვამ და ქარიშხალმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, მათ შორის, თელავი, ახმეტა, ყვარელი და გურჯაანი მნიშვნელოვნად დააზარალა.  ადგილობრივების თქმით, სეტყვა და ძლიერი ქარი დაახლოებით, 20 წუთს გრძელდებოდა. განადგურებულია ვენახების ნაწილი, საზამთროს და ნესვის ბაღები. ასევე, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: სახელმწიფო მზადაა სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის, მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს. უწყების ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. „რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყინებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

კახეთში ვენახები დაისეტყვა

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის: კაბალის, გურგენიანის და ბაისუბნის მოსახლეობა დააზარალა. დაისეტყვა მოუკრეფავი ვენახების ნაწილი, ხეხილის ბაღები და სხვა კულტურები. კაბალში ქარმა რამდენიმე სახლს სახურავიც გადახადა. ლაგოდეხი-ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოგლეჯილია ხეები და გაწყვეტილია ელექტროსადენები. ამ გზაზე 15 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო მოძრაობა. საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა სოფელ ბაისუბანშიც. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. სტიქიის ზონაში მუშაობენ მაშველები. ისინი ცენტრალურ გზებს მოგლეჯილი ხეებისგან ასუფთავებენ. სოფელ კაბალში მერის წარმომადგენელმა მამად მამედოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სტიქიის შედეგებს შეისწავლიან და მონაცემები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. კახეთში სეტყვა 2 სექტემბერსაც მოვიდა. ახმეტის, თელავის და გურჯაანის სოფლებში ყურძნის მოსავლის ნაწილი განადგურდა.  

ყვარლის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა იყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაისეტყვა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები, შილდა, გრემი და ალმატი. ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტს.  

კახეთში სეტყვამ 30-მდე სოფელი დააზარალა

კახეთის სამ მუნიციპალიტეტში: ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში, სულ მცირე, 30-მდე სოფელში სტიქიის შედეგებს ითვლიან. 17 სექტემბრის საღამოს მოსულმა სეტყვამ ყველაზე მეტად ყვარლის სოფლები გრემი, ენისელი, ალმატი და საბუე დააზარალა. რადიო თავისუფლების ცნობით, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსავლის თითქმის 100 პროცენტი განადგურებულია. სოფელ გრემში, რომელიც ქინძმარაულის ზონად ითვლება, ათეულობით მევენახეს ყურძენი მოსაკრეფი ჰქონდა. ყურძენი მოსაკრეფი ჰქონდათ ენისელში, ალმატსა და საბუეშიც. სტიქიამ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიც დაუზიანა - გადახდილია სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროტექნიკა. როგორც სოფელ საბუეში ამბობენ, მსგავსი სტიქია არ ახსოვთ. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დააზარალა თელავისა და ლაგოდეხის სოფლებიც. დაზიანებულია ვენახები, ხეხილის ბაღები და სხვა ერთწლიანი კულტურები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაიხოცა შინაური ფრინველი. ბოლო ორ კვირაში სტიქიამ კახეთი მესამედ დააზარალა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან მოსახლეობას მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ზიანს უნაზღაურებენ.  

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს. კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიამ დააზიანა როგორც სავარგულები, ასევე საცხოვრებელი სახლები. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ზარალის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება. „პრემიერ-მინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ აღნიშნული უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაურდება. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან და არც ერთი მოსახლე არ დარჩება ყურადღების გარეშე,“ – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

კახეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში სტიქიას 80 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა. რადიო თავისუფლების ცნობით, ძლიერმა ქარმა ქუჩაში რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა, რომელიც კაცს დაეცა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მოსულ სამედიცინო ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.  

კახეთში, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის ბრალდებული ბიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ 35 წლის კაცს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა. დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. პროცესზე დაცვის მხარე 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, იმ არგუმენტით, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰქონია სიძის მოკვლა განზრახული და მას ცივი იარაღი განზრახ არ წაუღია. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული აღიარებს დანაშაულს, თუმცა განზრახვის ნაწილს არ ეთანხმება, რადგან მან დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის პოლიციას თავად ჩაბარდა. პროკურორი კი, პატიმრობის შუამდგომლობის საფუძვლად, ბრალდებულის მხრიდან ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხეებს ასახელებდა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტს, სადაც სავარაუდოდ, მამიდის ქმარმა 14 წლის გოგო გააუპატიურა და მიიმალა. შურისძიების მიზნით კი, დაზარალებულის ბიძამ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მყოფ სიძეს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა.  

თელავში სამი კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, შ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სამი თანასოფლელი: 1991 წელს დაბადებული გ.ჯ., 1975 წელს დაბადებული გ.თ. და 1993 წელს დაბადებული ქ.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. სამართალდამცველებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შ.კ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.