კობახიძე: სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები აბსოლუტურად გამორიცხულია

აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით - მზად ვართ, უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, რითაც გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებას, როდესაც საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ივარაუდა, თუ მმართველი გუნდი სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით დათმობებზე არ წავიდოდა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ განცხადებებისა და გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, მიზეზები, რის გამოც საქართველო უკრაინასთან ცალმხრივ ურთიერთობას აირჩევს, არის ომი უკრაინაში და ქვეყნებს შორის საუკუნოვანი მეგობრობა.

„გონჩარენკოს არცერთი სიტყვა არ არის ღირებული, ჯერ გეორგიევსკის ლენტით დარბოდა, მერე ვითომ უკრაინის გულმხურვალე გულშემატკივარი გახდა. არავითარი ფასი არ აქვს არც უკრაინაში და მით უმეტეს, ჩვენთანაც ვერ ექნება გონჩარენკოს რაიმე სიტყვას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობები, ჩვენ მზად ვართ ყველა შემთხვევაში, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

არსებობს მარტივი მიზეზები - პატივი უნდა ვცეთ საუკუნოვან მეგობრობას, საქართველოსა და უკრაინას შორის, ქვეყნებსა და ხალხებს შორის და ასევე, უკრაინა დღეს არის ომის მდგომარეობაში, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, თუნდაც უკრაინის ხელისუფლებასთან, მიუხედავად ამ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებისა. იმ ნაბიჯის ფონზე, რაც უკვე გადაიდგა, შემდეგი ნაბიჯები აღარაა საინტერესო.

რა თქმა უნდა, სააკაშვილის საკითხზე ვერანაირი კონსულტაციები ვერ დაიწყება. აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა.

მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.

უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას.