პაპუაშვილი: ფაქტია, ვიღაც ცდილობს, საქართველო და უკრაინა ერთმანეთს გადაჰკიდოს და ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუკი უკრაინის პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს, რა თქმა უნდა, არ დაეხმარება უკრაინას.

„დღეს, რაც უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება, არის ის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ზოგადად, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების სასამართლო გადაწყვეტილებები, ვინაიდან უკრაინას გარდა სამხედრო ომისა, მოსაგები აქვს სამართლებრივი ომი რუსეთთან. თუკი უკრაინის პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს რა თქმა უნდა, არ მიეშველება უკრაინას ამ ბრძოლაში.

ამიტომ, ეს გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, თავად უკრაინისთვის არის საზიანო და მეორე, ეს საზიანოა ურთიერთობისთვისაც. ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს, საქართველო და უკრაინა ერთმანეთს გადაჰკიდოს და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი.

ამით, ძირითადად, ხარობენ ის ადამიანები, რომლებიც ზეპირად ბევრს საუბრობენ უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე. ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია და უცხოელი აქტორები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება უხარიათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.


3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა.

მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.

უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას.