შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე საუბრისას ასახელებს „ერთადერთ საკითხს“, რაზეც „კონსულტაციების გამართვა შესაძლებელია“

დაიწყება თუ არა კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ამ შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ ერთადერთი, რაზეც შეიძლება, კონსულტაციები გაიმართოს, არის ის, თუ „როდის გადმოსცემს უკრაინა საქართველოს ზურაბ ადეიშვილს, რომელიც დღეს არის უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ადამიანი, რომელსაც 5 საქმეზე უკვე მსჯავრი აქვს მისჯილი.“

„რომ შევკრიბოთ და ადეიშვილის პერიოდი რომ ყოფილიყო, შეკრებით მას 20 წელი აქვს მისჯილი, მათ შორის იმის გამო, რომ ადამიანი აცემინა - კობა დავითაშვილზე ვსაუბრობ. ასევე, მათ შორის იმის გამო, რომ ციხეებში წამების სისტემა ააწყო და წამების სისტემის ამწყობი ადამიანი დღეს, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში არის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, მათ შორის, მას ხვდებიან საერთაშორისო აქტორები.

სულ ახლახან მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს ელჩთან უკრაინაში. კონსულტაცია უნდა იყოს ამაზე, როდის გადმოგვცემენ ადამიანს, რომელმაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წამების სისტემა შექმნა. მეორე- გია ლორთქიფანიძე, რომელიც ორგანიზატორი იყო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის აქ შემოპარვის და არეულობის ორგანიზების. ის არის უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე. არათუ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაეცეს უკრაინას, ეს ორი ადამიანი უნდა გადმოეცეს საქართველოს. მე პირადად ველი, რომ ეს ორი ადამიანი საქართველოსთვის იქნას გადმოცემული. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების გადმოცემას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.