დარჩიაშვილი უკრაინის გადაწყვეტილებაზე: აუცილებლად გვექნება დრო მომავალში, რათა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, დღეს ამაზე რეაგირება არ გვექნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“

„გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ. მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. ჩვენ, ტრადიციულად, აქამდე გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან გაუგებარი, უსამართლო დამოკიდებულება მოვისმინეთ საქართველოს მისამართით. ჩვენ, ტრადიციულად, ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მეგობარი ხალხის და ქვეყნის მისამართით.

ჩვენ აუცილებლად გვექნება დრო მომავალში, რათა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, თუმცა დღეს, ტრადიციულად, ჩვენ ვარჩევთ იმ პოზიციას, რომელიც გვაქვს, რომელიც გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება.

შესაბამისად, როგორც ვისაუბრეთ, ელჩი დაბრუნდება უახლოეს პერიოდში საქართველოში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საფუძველი, რომელიც გახდა განმაპირობებელი ამ გაუგებარი გადაწყვეტილების, ვფიქრობთ, რომ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ნათელია ყველაფერი, ყველა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაოდენ პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფო ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის უფლებებს. შესაბამისად, თავად ეს საკითხიც საფუძველს მოკლებულია, როგორც მოვისმინეთ, გადაწყვეტილება განპირობებული იყო სწორედ ამ საკითხით.

შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის, უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ძალიან აქტიურად ვეეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული თვალსაზრისით, პოლიტიკური, დიპლომატიური ხაზით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი დამოკიდებულება, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორის მისამართით და ამას გავაგრძელებთ. ვერცერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება თუ გადაწყვეტილება ჩვენ მიმართ ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა.

მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.

უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას.