უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევჰენ პერებიინისთან შეხვედრის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. ზაქარაშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინის საგარეო უწყებაში შეხვედრაზე ევჰენ პერებიინისმა მას სთხოვა, 48 საათის განმავლობაში დატოვოს ქვეყანა, რათა მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში კონსულტაციები გამართოს, რაზეც, როგორც ელჩი აღნიშნავს, ქართული მხარე დაეთანხმა.
ელჩის თქმით, უკრაინულ მხარეს განემარტა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. „ცხადია, ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს“, - ამბობს გიორგი ზაქარაშვილი.
„გუშინ დილით შეხვედრა მქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, რომელმაც შეხვედრის მსვლელობისას მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პოზიცია მაუწყა და შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, რაზეც ცხადია, დავეთანხმეთ, ვინაიდან, ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და სთხოვა, თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც გავრცელდა არა ერთხელ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. აღინიშნა, რომ ცხადია, ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მათ შორის, კომუნიკაციისათვის“, - განაცხადა ელჩმა.
გიორგი ზაქარაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერასაც შეეხო.
მისივე თქმით, საქართველო უკრაინის დახმარებას კვლავ გააგრძელებს.
„ასევე, აღნიშნა და უკრაინის მხარემ ისედაც კარგად იცის, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან, საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის, ყველა საერთაშორისო მოედანზე - გაეროში, ეუთოში, ევროსაბჭოში, ანუ, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანოში, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება.
აქ ყველგან საქართველო იდგა უკრაინის გვერდით, ისევე როგორც ჰუმანიტარულ ნაწილში. არა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი გამოიგზავნა ინტერვენციის პირველივე დღეებიდან, ასევე, გაკეთდა სხვა ჰუმანიტარული პროექტი, მათ შორის, 300-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიდა საქართველოში დასასვენებლად და ჩემ მიერ აღნიშნა, რომ მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, ეს პროექტები აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველო უკრაინელი ხალხის და მეგობარი ქვეყნის დახმარებას გააგრძელებს“, - აღნიშნა ელჩი.
მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“
3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა.
მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“
უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.
უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას.