მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ისევ „უსამართლო გადაწყვეტილება განმეორდა“ და საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ხელისუფლებას „კარტების მეტად გახსნა“ „უფრო მეტად დასჭირდება.“ თუმცა მმართველი პარტიის ლიდერი ამავე დროს აცხადებს: „დღის წესრიგში დარჩება ის ამოცანა, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია“.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, დავუშვათ რეალურად ასე არ მოხდა, პროცესები გაგრძელდება და რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დარჩება ის ამოცანა, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია. დაველოდებით შემდეგ წელს, იმის შემდეგ წელს.
იმედია, მანამდე დასრულდება უკრაინაში ომი. რა თქმა უნდა, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება მაშინვე სხვანაირად შემოგვხედავენ მათ შორის ის ძალები, რომლებიც დღეს რადიკალურად განსხვავებულად გვიყურებენ. კონკრეტული მიზეზი აქვს ამ ცუდად ყურებას, კონკრეტული ინტერესია საქართველოს მიმართ, რაც არ არის მაგალითად მოლდოვის მიმართ, ის ინტერესია საქართველოს მიმართ.
დეკემბერში თუ კიდევ ერთხელ განმეორდა უსამართლო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებისთვის მოგვიწევს იმაზე მეტი დეტალის ახსნა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. რაღაცებს ვუფრთხილდებოდით უფრო მეტად, რა თქმა უნდა, რაღაცების გაფრთხილება მომავალშიც მოგვიწევს, მაგრამ საზოგადოებას ვეტყვით მეტ დეტალს ამ თემის გარშემო. მეტი ახსნა-განმარტების გაკეთება მოგვიწევს საზოგადოებისთვის.
უფრო დეტალურად ვიტყვით იმას, თუ რამ განაპირობა შარშან ივნისში უარყოფითი გადაწყვეტილება და თუ იგივე მოხდება დეკემბერში, ასევე ავუხსნით საზოგადოებას უფრო დეტალურად, სიღრმისეულად, თუ რას შეიძლება ,განეპირობებინა დეკემბრის გადაწყვეტილება. უფრო მეტად დაგვჭირდება კარტების გახსნა საზოგადოების წინაშე,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ „იმედთან“ ინტერვიუში.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
- დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა
- როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი
2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.
საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
2023 წლის 22 ივნისს ევროკომისარმა ზეპირი მოხსენების წარდგენისას განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად