საქართველოს ელჩმა კიევი დატოვა

უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა.

„დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლისის 12 საათზე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე, მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად, ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა გამომგზავრებამდე, 5 ივლისის საღამოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში.


3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა.

მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.

უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას.

5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“