NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ზელენსკი ჩეხეთში ჩადის

სოფიაში ბულგარეთის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩეხეთში მიემგზავრება. ზელენსკიმ სხვა თემებთან ერთად, უკრაინის თავდაცვის დახმარებისა და NATO-ს მომავალი სამიტის საკითხები უნდა განიხილოს.


პრაღაში ზელენსკი შეხვედრებს ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან, პრემიერ-მინისტრ, პეტრ ფიალასთან და სხვა მაღალჩინოსნებთან გამართვს. მოლაპარაკებების დროს განიხილება უკრაინის გზა ევროკავშირისა და NATO-ში გაწევრიანებისკენ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გარშემო არსებული ვითარება, უკრაინის მშვიდობის ფორმულა და ქვეყნის ომის შემდგომი აღდგენა.

ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, როდის ჩავა ჩეხეთში, მაგრამ პრაღის საერთაშორისო რადიო წერდა, რომ ვიზიტი დღესვე დაიწყებოდა. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ.


თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ზელენსკის შემდეგი გაჩერება სტამბოლია, სადაც ის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ერდოღანი და ზელენსკი განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის უახლეს მოვლენებს და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას, წერს Anadolu.

თუმცა, საინფორმაციო სააგენტო არ აკონკრეტებს, თუ რომელი წყაროდან მიიღო ინფორმაცია ზელენსკის თურქეთში შესაძლო ვიზიტის შესახებ. შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელიც თურქეთისა და გაეროს შუამავლობით 2022 წლის ივლისში ამოქმედდა, მნიშვნელოვანი იყო სურსათზე ფასების გლობალური ზრდის შესარბილებლად.

რუსეთის ომმა თავიდანვე ხელი შეუშალა უკრაინას სოფლის მეურნეობის პროდუქტების შავი ზღვის პორტებით გადაზიდვას. მარცვლეულის შეთანხმებას ვადა 17 ივლისს ეწურება. მოსკოვი იმუქრება, რომ არ გაახანგრძლივებს შეთანხმებას, თუ დასავლეთი არ შეამსუბუქებს შეზღუდვებს რუსეთის მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტზე.