კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „უკრაინის ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს.“
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, წულუკიანს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე.
თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება.
„ისეთი ტიპის განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ფონზე, რასაც ზელენსკი იღებს, კომენტარები მოძველდა ან არც იცი, რა უპასუხო ადამიანს, რომელიც ომშია. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, გამარჯვებას, გამთლიანებას. სულ ეს არის, რაც შემიძლია, ვთქვა. ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება. ვფიქრობ, ამ განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ავტორი ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, შემდეგ დაელოდება დროს, როცა ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა.
„დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლისის 12 საათზე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე, მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად, ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა გამომგზავრებამდე, 5 ივლისის საღამოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში.
3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა.
მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“
უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.
უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას.
5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“