პაველი ზელენსკისთან შეხვედრაზე: ჩეხეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე

ჩეხეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე და წვლილი შეიტანოს მის ფინანსურ დახმარებაში.

„მიმაჩნია, რომ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვაში. ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ვეცდებით, რომ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს და მკაფიოდ იყოს ნათქვამი, რომ ევროპა მომავალში უკრაინასთან იქნება“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პაველის თქმით, უკრაინას შეუძლია ჩეხეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

პეტრ პაველმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა არამხოლოდ ომისგან დაზარალებული ქვეყნის მხარდაჭერაა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის დახმარება ყველა ევროპელისთვის.


თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იდეალური იქნება, თუ ვილნიუსის სამიტზე უკრაინას NATO-ში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვევენ.

ზელენსკიმ პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას ესმის, შესაძლოა, იყოს სირთულეები ალიანსის ყველა პარტნიორის ერთობლივი მხარდაჭერის მოპოვებაში.

„ვიღაც მოსკოვისკენ იცქირება, ვიღაცას რუსეთის ეშინია, მაგრამ მჯერა, რომ არსებობს დიდი შანსი, მთელი ალიანსის გამბედაობისა და ძალის გამოჩენის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინა „ვილნიუსის სამიტზე მკაფიო და კონკრეტულ სიგნალს ელოდება NATO-ში მიწვევის შესახებ“.

"არა იმაზე, რომ ჩვენთვის კარი ღიაა. ეს ცოტაა. არამედ, იმაზე, რომ უკრაინა იქნება NATO-ს წევრი", - განაცხადა ზელენსკიმ.