ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა.
მინისტრის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისტორიული ჭეშმარიტების დადგენისას.
„მადლობელი ვარ ნიდერლანდების, რომ მტკიცე პოზიცია დაიკავა წარსულში და ახლანდელ სისასტიკეებზე პასუხისმგებლობის აუცილებლობის შესახებ“, - წერს კულება.
ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე 30-ზე მეტმა ქვეყანამ ცნო.
2022 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა ასევე ოფიციალურად აღიარა ჰოლოდომორი გენოციდად და მოუწოდა რუსეთს, ოფიციალური მოეხადა ბოდიში საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის.
ბოლო ქვეყანა, რომელმაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, სლოვაკეთია.
ჰოლოდომორი - 1932-1933 წლებში იოსებ სტალინის მმართველობის დროს, ადამიანის მიერ გამოწვეული შიმშილი, საბჭოთა კავშირზე იძულებითი კოლექტივიზაციისა და მარცვლეულის კონფისკაციის გზით. ჰოლდომორმა დაახლოებით, 3,5-დან 5 მილიონამდე უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა.
ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა.
საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.
2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.