მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

კოვიდვაქცინაციის შემდეგ დაღუპული ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ვ. ი-ს ცრუ ჩვენების მიცემისთვის 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიაშვილმა მას სასჯელის უმაღლესი ზომა დააკისრა.

ბრალდებულმა მანამდე სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჟურნალისტებს ცრუ ინფორმაცია კლინიკის მოთხოვნით მიაწოდა. მისივე თქმით, მეგი ბაქრაძის შეუძლოდ გახდომის დროს ადგილზე იყო და ადრენალინიც დროულად გაუკეთა. მოგვიანებით კი, პოლიციაში ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია.

ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ის დაკვეთაზე მიუთითებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს.


პროკურატურის თანახმად, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ბრალდებულმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ნახა, ის ვალდებული იყო, მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, „არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა.“

მას ასევე ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაყოვნების ოთახი დატოვა, დადგენილი არ არის და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის.

ბრალდებულს გასული წლის დეკემბერში 4000-ლარიანი გირაო შეეფარდა.