DRI-ის შეფასებით, სუს-ის საქმიანობის ანგარიში ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არ პასუხობს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არ პასუხობს. წინა წლების პრაქტიკის მსგავსად, პარლამენტს ანგარიშს სუს-ის უფროსის მოადგილე აცნობს, რაც ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინიციატივით, ანგარიშის წარდგენის ჩანაწერი რეგლამენტში შემდეგი ჩანაწერით შეიცვალა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშს“.


2022 წლის საქმიანობის ანგარიში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2021 წელის ანგარიშისგან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევები მნიშვნელოვნად გაზარდა და გარკვეულწილად, შეცვალა.

ანგარიშში უსაფრთხოების ძირითად პრობლემებს შორის რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზებია მითითებული. გამოწვევადაა მითითებული „უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა“ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ამ კონტექსტში ნახსენები არაა.


დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, ანგარიშის არც ერთ ნაწილში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული თავის გარდა, არაა ნახსენები რუსეთის ფედერაციის უკანონო მოქმედებები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ნიშანდობლივია, რომ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე არაა საუბარი ისეთ ქვეთავებში, როგორებიცაა: „დეზინფორმაცია და „ჰიბრიდული ომის“ სხვა საფრთხეები“, „დეზინფორმაცია და პროპაგანდა“, „ე.წ. რბილი ძალა და ფარული ოპერაციები“ და „კიბერუსაფრთხოება“. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ ომის კონტექსტში, რუსეთს დეზინფორმაციის გამავრცელებელ მთავარ აქტორად ასახელებენ,[1] ანგარიშის დუმილი რუსეთის როლზე საქართველოში მიმდინარე ინფორმაციით მანიპულაციის ოპერაციებზე, კითხვებს იწვევს.


ანგარიშის დიდი ნაწილი კვლავ გაჯერებულია ზოგადი შინაარსის ფრაზებით, სათანადო კონკრეტიკის გარეშე. თუ მაგალითად, ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით ჩატარებული საქმიანობის აღწერისას ანგარიში შედარებით დეტალურია - დასახელებულია ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირის ვინაობა, მოყვანილია კონკრეტული ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები, ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ჰიბრიდულ ომს შეეხება, უკიდურესად ბუნდოვანი და ორაზროვანია.

ანგარიშში ზოგადად მითითებულია საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებისკენ მიმართულ ქმედებებზე, სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანების მცდელობებზე და სოციოლოგიურ გამოკითხვებზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო ქვეყნების დაფინანსებით ატარებენ, შესაბამისი ორგანიზაციების და სახელმწიფოების დასახელების გარეშე. ეს ყოველივე აჩენს კითხვას - თუ სუს-ს აქვს ინფორმაცია რომელიმე ორგანიზაციის სახელმწიფო ინსტიტუტების დამაზიანებელ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ უცხო ქვეყნის დაფინანსებით ან მათი სხვაგვარი ხელშეწყობით, რატომ არ არიან ეს ორგანიზაციები დასახელებული, მაშინ როდესაც ანგარიშის სხვა თავში, მაგალითად, საჯაროა ტერორიზმში ბრალდებული ადამიანის ვინაობა.

მიუხედავად ღიად პრორუსი ულტრამემარჯვენე ჯგუფების უკიდურესად გააქტიურებისა და მათი მხრიდან პოლიტიკურ დღის წესრიგზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენის მოხდენის მცდელობისა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, ამ საკითხსაც ყურადღების მიღმა ტოვებს.


ტექსტის ბუნდოვანი ფორმულირების გამო, გაუგებარია, „ორგანიზაციებზე“ მითითება უბრალო სპეკულაციაა, თუ აქვს რამე რეალური საფუძველი. ბუნდოვანია, სუს-ი საფრთხედ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მიერ დაფინანსებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს მიიჩნევს, თუ ოპოზიციის (მათ შორის საპარლამენტო) მიერ ჩატარებულ საპროტესტო გამოსვლებში ხედავს სახელმწიფო უსაფრთხოების რისკს. მნიშვნელოვანი იქნება, თუ სუს-ის საქმიანობის ანგარიში ამ საკითხზე ორაზროვნების სივრცეს არ დატოვებს, მით უფრო რომ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული კონტექსტი კიდევ უფრო გაუგებარს ხდის, თუ ვის მიიჩნევს ხელისუფლება საფრთხედ“, - აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.

დღეს, 7 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს პარლამენტში, 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.