რა საკითხები განიხილეს ამერიკის ელჩმა და გენერალურმა პროკურორმა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოვენსი ესწრებოდნენ.

პროკურატურის ცნობით, ირაკლი შოთაძემ უწყების სახელით, მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს ამერიკელი პარტნიორების მიერ პროკურატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და დახმარებისთვის, რომლის მეშვეობითაც ნაფიც მსაჯულთა და კიბერ დანაშაულის საქმეებზე მომუშავე პროკურორებმა ცოდნა და კვალიფიკაცია აიმაღლეს.


უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთანამშრომლობის გაძლიერების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

„შეხვედრის დასასრულს, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აშშ-ის ელჩს მის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით წარმატებები უსურვა“, - აცხადებენ პროკურატურაში.


ცნობისთვის, 28 ივნისს, გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელთან დევიდ ო’სალივანთან და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან - ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენთან და კუმარ იერთან შეხვედრა გაიმართა.

„საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და დღევანდელი შეხვედრა არის შესაძლებლობა ერთობლივად იქნას განხილული ამ პროცესში პროკურატურის როლი და არსებული მიღწევები“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ.