NATO-ში აშშ-ის ელჩი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, როგორც NATO-ს ახლო პარტნიორს, ვერ ვხედავ რაიმე საპირისპირო კურსს

აშშ-ის ელჩმა NATO-ში ჯულიან სმიტმა ვილნიუსის სამიტის კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ესწრება სამიტს და ზოგი ამბობს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უარი თქვა NATO-ზე და მისი გადაადგილება კრემლის ორბიტისკენ უფრო შორს მიმავალია. მოითხოვს თუ არა ეს რაიმე პოლიტიკურ პასუხს ვაშინგტონისა და ბრიუსელის მხრიდან?“ - მიმართა ჯულიან სმიტს მედიის წარმომადგენელმა ონლაინ ბრიფინგზე.


„საქართველო NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორად რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ იმის დაგმობას, რაც რუსეთმა გააკეთა 2008 წელს - რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებული.

ჩვენ გავაგრძელებთ მათ გვერდით დგომას, რადგან ისინი მუშაობენ სრული სუვერენიტეტისკენ და მხარს ვუჭერთ მათ ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ მე ვერ ვხედავ რაიმე საპირისპირო კურსს იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უყურებს ალიანსი საქართველოს. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს, როგორც NATO-ს ახლო პარტნიორს და მომავალში ცვლილებას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ჯულიან სმიტმა.


ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი.

„სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 7 ივლისს განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

„ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია.

ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.