ბორჯომის ცენტრალურ პარკში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების თანახმად, 17 წლის ახალგაზრდამ 23 წლის კაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის კლინიკაში გარდაიცვალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ბორჯომის ცენტრალურ პარკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.