პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღია წერილს ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ საქართველო-NATO-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ NATO-ს მიდგომაში ცოტა რამ თუ შეიცვალა.
„მართალია, საქართველო-NATO-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველომ არსებითი დახმარება მიიღო ალიანსისგან, მაგრამ, თვისებრივი თვალსაზრისით, ცოტა რამ თუ შეიცვალა NATO-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ.
თავის დროზე არსებობდა სერიოზული ეჭვები საქართველოს მზაობის თაობაზე, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული და სპონტანური მმართველობის ფონზე, მაგრამ დღეს საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან NATO-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
მისივე შეფასებით, შეუძლებელია, NATO-ს მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო და „მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბია.“
შალვა პაპუაშვილის თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკოსად იქცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში.
„ვინაიდან ყველა წარსულ ეჭვს პასუხი გაეცა ან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ან ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით, უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო NATO-ში.
შეუძლებელია ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო. დაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, შიდა რადიკალიზმთან ერთად, ყოველთვის შეუძლია საქართველოს დემოკრატიული სისტემის პრობლემებზე არასწორი აღქმების შექმნა.
მაგრამ, ამ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, სხვა მხრივ NATO-ს მყარი მოკავშირის, ბოლოდროინდელი კომენტარი ამ პრობლემის გაცნობიერების საშუალებას იძლევა. მან ეჭვი შეიტანა, „ცდილობს“ თუ არა საქართველო NATO-ში გაწევრიანებას.
ყველა ზემოთხსენებული წარმატებისა და პოლიტიკური ნაბიჯის ფონზე, თუ დავეყრდნობით ფაქტებს და არა აღქმებს, ეს კომენტარი სიმართლეს ძალიან დაშორებულია. ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო NATO-სგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს NATO-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისათვის, რადიო თავისუფლების შეკითხვას, NATO-სკენ მიმავალ გზაზე რატომ დაშორდნენ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ, როგორც ჩანს, „საქართველოს ხელმძღვანელობას ახლა ამის [ნატოში გაწევრიანების] დიდად არ სჯერა“.
„NATO-ს წევრობის რწმენას ვგულისხმობ. GLOBSEC-ის კონფერენციაზე [ბრატისლავა, 2023 წლის მაისი] საქართველოს პრემიერ-მინისტრი [ირაკლი ღარიბაშვილი] ამბობდა, რომ NATO არის დამნაშავე უკრაინის ომში. თუმცა ეს თავდაცვითი ალიანსია. NATO-ს არაფერი გაუკეთებია.
უკრაინას არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ მასზე რუსეთის თავდასხმის პროვოცირება მოეხდინა. პრიგოჟინმაც კი განაცხადა, რომ ეს მცდარი ნარატივია, ის [ღარიბაშვილი] კი ისე მკაფიოდ ამბობდა ამას თავის გამოსვლაში, რომ იგრძნობოდა, რომ მათ ამის [NATO-ს წევრობის] არ სჯერათ“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.