უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის გაწევრიანების გზიდან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ამოღებაზე.
კულებას თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზას ამოკლებს.
„მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია გაწევრიანებისთვის უკრაინის მიწვევის შესახებ სიცხადისთვის“, - წერს კულება Twitter-ზე.
მას დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა უფრო ადრე, ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა უკრაინულ მედიასთან ამბობდა, რომ კიევი აქტიურ კომუნიკაციაში იყო მოკავშირეებთან. „მოლაპარაკებები, რომლებსაც [პრეზიდენტის მრჩეველი ანდრი] ერმაკი აწარმოებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, გრძელდება. საბოლოო დოკუმენტებზე მუშაობა გრძელდება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,“ - განაცხადა სტეფანიშინამ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 9 ივლისს აცხადებდა, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, NATO-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება.
ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.
-
რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები
-
რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით