ერდოღანს ევროკომისიიდან უპასუხეს, რომ NATO-სა და ევროკავშირის გაფართოება ორი განცალკევებული პროცესია

ევროკომისიამ ერდოღანის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება ერთმანეთთან გადაჯაჭვული არ არის და ეს პროცესი ერთმანეთისგან განცალკევებით, პარალელურად მიმდინარეობს.

„ევროკავშირს აქვს გაფართოების ძალიან სტრუქტურირებული პროცესი და ძალიან, ძალიან მკაფიო ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას ყველა კანდიდატმა ქვეყანამ და მასაც კი, ვისაც სურს, გახდეს კანდიდატი. თქვენ არ შეგიძლიათ, დააკავშიროთ ეს ორი პროცესი.

თითოეული კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანების პროცესი ეფუძნება თითოეული ქვეყნის დამსახურებას და შემდგომი ნაბიჯების რიტმი, რომელსაც გადადგამს თითოეული კანდიდატი ქვეყანა, განისაზღვრება კანდიდატი ქვეყნების პროგრესითა და სამუშაოთი, რათა მიაღწიოს მიზნებს ან ნაბიჯებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

იგივე პოზიცაი გაიმეორა გერმანიის კანცლერმა და აღნიშნა, რომ ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება ვერ განიხილება.


NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას 10 ივლისს უპასუხა, რომლის თანახმად, ერდოღანმა NATO-ში შვედეთის წევრობას, ევროკავშირში თურქეთის შესვლა დაუკავშირა.

ერდოღანმა ერთგვარი პირობა წამოაყენა, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების სანაცვლოდ, ის მზადაა, შვედეთის გზას NATO-სკენ, გზა გაუხსნას.

„მე მხარს ვუჭერ თურქეთის სწრაფვას, გახდეს ევროკავშირის წევრი. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაზეც მადრიდში შევთანხმდით, იყო პირობების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც შვედეთმა უნდა დააკმაყოფილოს ალიანსში გასაწევრიანებლად.

შვედეთმა დააკმაყოფილა ეს პირობები და ეს ეხება იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას. ეს მოხდა. შემდეგ საუბარია თურქეთსა და შვედეთს შორის ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ესეც ხორციელდება.

შვედეთმა ასევე შეცვალა კონსტიტუცია და გააძლიერა კონტრტერორისტული კანონები და შვედეთი თვალყურს ადევნებს თურქეთის უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებას. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიდგეთ ტერორიზმთან ბრძოლაში.

მაგრამ ამავე დროს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღმოფხვრათ ყველა მოკავშირის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ, რომლებსაც სურთ, შვედეთი ნახონ ალიანსში რაც შეიძლება მალე, რადგან ეს გააძლიერებს NATO-ს და გააძლიერებს ჩვენს უნარს, დავიცვათ ბალტიისპირეთის რეგიონი. თუ უბრალოდ დააკვირდებით რუკას, შვედეთის სრულუფლებიან წევრად ყოფნა, ფინეთის გარდა, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO-ს ყოფნას ამ რეგიონში.


ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შვედეთი რაც შეიძლება მალე გახდეს წევრი. ჯერ კიდევ შესაძლებელია შვედეთის წევრობის შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილება აქ, ვილნიუსში.

არანაირი გარანტია არ გვაქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გვაქვს სამიტის იმპულსი აქ ლიდერებთან და ჩვენ გამოვიყენებთ ამ იმპულსს, რაც შეიძლება მეტი პროგრესის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

11-12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება.