ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ბალტიის რეგიონში კვლავ უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, რეგიონში NATO-ს უფრო დიდი კონტინგენტი უნდა განთავსდეს.
ნაუსედა მის მოთხოვნას იმით ხსნის, რომ „რეგიონში ბელორუსიდან წარმოქმნილი ახალი საფრთხეებისგან „ძალიან ცუდი კოქტეილი“ შეიქმნა.
„ვაგნერელების“ პოტენციური განლაგების, ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების და ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ახალი „აგრესიული რიტორიკის“ გათვალისწინებით, მოწინააღმდეგის ჯარი ლიეტუვის საზღვრებთან რამდენიმე საათში აღმოჩნდება. აქ „ძალიან ცუდი კოქტეილი“ შეიქმნა,“ - განაცხადა ნაუსედამ.
ლიეტუვას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ NATO-ს მოწინავე თავდაცვის გაძლიერება სჭირდება.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა დაახლოებით, სამი კვირის წინ განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს.
გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა.
პისტორიუსი ამ კვორაში ლიეტუვაში იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა.
სხვა საკითხების მათ შორის ომში მყოფი უკრაინის მისწრაფებების განხილვასთან ერთად მოსალოდნელია, რომ NATO-ს სამიტის მონაწილეები ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებენ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების თაობაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ მიანიშნა იმ ფონზე, რომ ბელორუსში ევგენი პრიგოჟინის ყოფნის შესახებ ცნობები ფლანგის წევრების შეშფოთებას იწვევდა.
„ჩვენ ვილნიუსის სამიტზე ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი მოდელის და ასევე გეგმების შესახებ, რომლის თანახმადაც გამოიყოფა „კონკრეტული ძალები კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
დეტალების დაკონკრეტების გარეშე ასევე მიუთითა სტოლტენბერგმა, რომ NATO-ს საჰაერო საპოლიცია მისიის გარდაქმნა თავდაცვით ფორმირებად, შესაძლებელია.
მან ხაზი გაუსვა, რომ რეალურად, ცივი ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანს აქვს გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია „კონკრეტულ ძალებთან, კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“.
ასევე გაეცანით: