სჭირდება თუ არა NATO-ს რაიმე სახის რეაგირება რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე, გუშინ, მაგალითად, პრეზიდენტმა ნაუსედამ შესთავაზა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, თუ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ბელორუსში აღმოჩნდება. ასევე, რა გზავნილია გერმანული ბრიგადის მუდმივი განლაგება ლიეტუვაში, რომლის შესახებაც დღეს მინისტრმა პისტორიუსმა გამოაცხადა? რა გზავნილია ეს პუტინისა და ლუკაშენკოსთვის. NATO-ს გენერალურმა მდივანმა დღეს, 26 ივნისს, ჟურნალისტების ამ შეკითხვას უპასუხა.
სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ NATO-ს სამიტზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ მიწა-ჰაერის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა გვაქვს ეს როტაციული მოდელი, რომელიც გაგვიადვილებს საჰაერო საპოლიციო მისიიდან საჰაერო თავდაცვაზე გადასვლას. საჰაერო ძალები ასევე არის საჰაერო თავდაცვის ნაწილი და საზღვაო ძალებს ასევე შეუძლიათ, უზრუნველყონ საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ძალიან მოკლე დროში“.
„ჩვენ ვილნიუსის სამიტზე ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი მოდელის და ასევე გეგმების შესახებ, რომლებიც გამოყოფენ კონკრეტულ ძალებს კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“.
რეალურად, ცივი ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვაპირებთ, გვქონდეს გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ ძალებთან, კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მან გერმანიის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, განალაგოს დამატებითი ძალები ლიეტუვაში.
„ეს აჩვენებს გერმანიის ლიდერობას, გერმანიის ერთგულებას ჩვენი ტრანსატლანტიკური კავშირისადმი და ასევე ადასტურებს NATO-ს მრავალმხრივი ვალდებულების ღირებულებას ისეთი ქვეყნის მიმართ, როგორიც არის ლიეტუვა. ჩვენი მიზანია არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ, კონფლიქტის პრევენცია, რადგან სანდო შეკავება არის ომის თავიდან აცილების გზა, კონფლიქტის პრევენცია, თავდასხმების თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება“.
დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში.
ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა.
ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.
ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში.
უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ.
2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა.
„დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.