ივლისში, ვილნიუსის სამიტზე, ლიდერები დაამტკიცებენ საიდუმლო სამხედრო გეგმების შემცველ ათასობით გვერდს, რომელშიც ცივი ომის შემდეგ პირველად იქნება დეტალურად აღწერილი, თუ როგორ უპასუხებდა ალიანსი რუსეთის თავდასხმას.
- Reuters- წერს, რომ ეს ნაბიჯი ფუნდამენტურ ცვლილებას ნიშნავს - NATO ათწლეულების განმავლობაში ვერ ხედავდა ფართომასშტაბიანი თავდაცვის გეგმების შემუშავების აუცილებლობას, რადგან გრძნობდა, რომ გარკვეულწილად, პოსტსაბჭოთა რუსეთი აღარ წარმოადგენდა ეგზისტენციალურ საფრთხეს.
„თუმცა 1945 წლის შემდეგ, ევროპის ყველაზე სისხლიანი ომი გაჩაღდა უკრაინაში, ალიანსი ახლა შიშობს, რომ მას ყველა გეგმა უნდა ჰქონდეს მხედველობაში მიღებული, ვიდრე კონფლიქტი დაიწყება ისეთ მოწინააღმდეგესთან, როგორიცაა, მოსკოვი, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
„ფუნდამენტური განსხვავება კრიზისის მენეჯმენტსა და კოლექტიურ თავდაცვას შორის რა არის?! - ჩვენ კი არა, ჩვენი მოწინააღმდეგე განსაზღვრავს ვადებს. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ წარმოიშვას“, - განაცხადა ადმირალმა რობ ბაუერმა.
NATO ასევე მისცემს ქვეყნებს მითითებებს, თუ როგორ განაახლონ თავიანთი ძალები და ლოგისტიკა.
„მოკავშირეებს ზუსტად ეცოდინებათ, რა ძალები და შესაძლებლობებია საჭირო, მათ შორის ის, თუ სად და როგორ განლაგდნენ“, - განაცხადა თავის მხრივ, NATO-ს ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა საიდუმლო დოკუმენტების შესახებ საუბრისას.
NATO-ს მოკავშირეთა ძალების ევროპის უმაღლესი შტაბის წევრი, (SHAPE) იან ჰოუპი ამბობს, რომ ცივი ომის მსგავსი ახლა ნაკლებად წარმოუდგენიათ. ის უფრო მეტად მიუთითებს რეგიონულ საფუძველზე კონფლიქტებზე, რომლებიც ძალების სწრაფი განლაგების შედეგად, შეკავებას საჭიროებს.
ალიანსმა დიდი ამოცანა დაისახა - მზადყოფნის მკვეთრად გაუმჯობესება.
NATO-მ 2022 წელს გადაწყვიტა, 300 000 ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში მოეყვანა, ადრე ეს რიცხვი 40 000-ს შეადგენდა.
ინფორმაციისთვის, ტერმინი „ცივი ომი“ ეკუთვნის პროზაიკოსისა და პუბლიცისტის, ჯორჯ ორუელის კალამს, რომელმაც ეს ფრაზა გამოიყენა ნარკვევში - „თქვენ და ატომური ბომბი“, რომელიც 1945 წლის 19 ოქტომბერს, ბრიტანულ გაზეთ Tribun-ში გამოქვეყნდა.
1946 წლის 10 მარტის The Observer-ში ორუელი წერდა: „გასული წლის დეკემბერში, მოსკოვის კონფერენციის შემდეგ, რუსეთმა დაიწყო „ცივი ომის“ წარმოება ბრიტანეთის იმპერიაზე“.
ტერმინი პირველად გამოიყენეს საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ომისშემდგომი გეოპოლიტიკური დაპირისპირების აღსაწერად, 1947 წლის 16 აპრილს, დემოკრატი პრეზიდენტების გავლენიანი მრჩევლის, ბერნარდ ბარუხის გამოსვლაში. სიტყვაში, რომელიც ჟურნალისტმა, ჰერბერტ ბაიარ სვოუპმა დაწერა, ნათქვამი იყო: „მოდით, არ მოვიტყუოთ: ჩვენ დღეს ცივი ომის შუაგულში ვართ“.