საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ვილნიუსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში, ლიეტუველ კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, ხაზი გაესვა ვილნიუსის NATO-ს სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და ლიეტუვის მხარდაჭერას.
„აღინიშნა, რომ სამიტი შედეგიანი იქნება, როგორც NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის, ასევე ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულების თვალსაზრისით.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და არსებულ პოტენციალზე პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით.
ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათ შორის საუბარი შეეხო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ არსებულ პროგრესს.
NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესს. ამასთან, ხაზი გაესვა ლიეტუვის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ევროკავშირში, ასევე NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის კავშირების გაძლიერების და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.