აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის უწყებას დაავალა, დაუყოვნებლივ დაიწყოს აშშ-ის ბირთვული იარაღის გამოცდა სხვა ქვეყნებთან თანაბარ პირობებში.
ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ აშშ-ის ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს, რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი - მესამეზე.
„უზარმაზარი დამანგრეველი ძალის გამო, მძულდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მქონდა! რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი კი - შორეულ მესამეზე, თუმცა 5 წელიწადში გაგვითანაბრდება. სხვა ქვეყნების მიერ პროგრამების გამოცდის გამო, დავავალე ომის დეპარტამენტს, რომ დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა თანაბარ საფუძველზე. ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება,“ - განაცხადა ტრამპმა.
„ჩვენ სხვებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს, ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ გამოცდა ჩვენც ჩავატაროთ. ბირთვული იარაღის გამოცდას ყველა ატარებს. ჩვენ გამოცდებს არ ვატარებთ, მაგრამ, როდესაც სხვები ამას აკეთებენ, ვფიქრობ, მიზანშეწონილია, რომ გამოცდა ჩვენც ჩავატაროთ,“ - განუცხადა დონალდ ტრამპმა უფრო ადრე ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.
მისი თქმით, აშშ რუსეთთან ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„დენუკლეარიზაციის ხილვა მსურს. ამის შესახებ რუსეთთან ვსაუბრობთ და შესაძლოა ჩინეთიც შემოგვიერთდეს,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.