თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა „ისრაელის ქმედებები“ ღაზის სექტორში და მოუწოდა გერმანიას, შეუერთდეს ჰუმანიტარული კრიზისის დასრულების მცდელობებს. ამის შესახებ ერდოღანმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად, ანკარაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „არ ეთანხმება გერმანიის კანცლერის მიერ ისრაელის მხარდაჭერის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებებს და რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად, თითქმის 60 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვები, ქალები და მოხუცები.“
ერდოღანმა განაცხადა, რომ „ჰამასს“ „არც ბომბები აქვს და არც ბირთვული იარაღი, მაგრამ ისრაელს აქვს“ და რომ ისრაელმა ისინი გუშინ ღაზაზე თავდასხმისთვის გამოიყენა.“
„გერმანია, ვერ ხედავ ამას?“ იკითხა ერდოღანმა. მერცმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ისრაელის გვერდით იდგა 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ და რომ მისი აზრით, ისრაელი თავდაცვის უფლებას იყენებდა.
„უამრავი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება იქნებოდა საჭირო. „ჰამასს“ უფრო ადრე უნდა გაეთავისუფლებინა მძევლები და იარაღი დაედო,“ - თქვა მერცმა და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის შუამავლობით და თურქეთის მხარდაჭერით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებით, ომი დასრულდება.
თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მან მერცს გადასცა ანკარის შეხედულებები ღაზას სექტორში განახლებული სისასტიკის თავიდან აცილების შესახებ და ხაზი გაუსვა ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის მხარდაჭერას, როგორც ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალ გზას.
„ისევე, როგორც ჩვენ გვსურს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს ისრაელის ომის დასრულებას ღაზის სექტორში.“ „თურქეთი და გერმანია ორი მთავარი ქვეყანაა, რომლებსაც შეუძლიათ ამის მისაღწევად ძალების გაერთიანება,“ - განაცხადა ერდოღანმა. მან ისრაელი გენოციდის განხორციელებაში კვლავ დაადანაშაულა. ისრაელი გენოციდის შესახებ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი სამხედრო კამპანია „ჰამასის“ წინააღმდეგაა მიმართული და არა ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის. ისრაელი აცხადებს, რომ ის ნაბიჯებს დგამს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მინიმიზაციისთვის.
წელს გერმანიამ ისრაელში სამხედრო ექსპორტი შეაჩერა, ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების მოტივით. თუმცა თავი შეიკავა გენოციდის ბრალდებების მხარდაჭერისგან და აცხადებს, რომ ისრაელის კრიტიკა არ უნდა გახდეს ანტისემიტიზმის საბაბი. ერდოღანმა განაცხადა, რომ მას კვლავ სჯერა, რომ გერმანიას და თურქეთს შეუძლიათ თანამშრომლობა შიმშილის დასასრულებლად ღაზის სექტორში დახმარების მიწოდების უზრუნველყოფით.
მან ასევე აღნიშნა NATO-ს მოკავშირეების პოტენციალი, ყურადღება გაამახვილონ თავდაცვის ინდუსტრიის ერთობლივ პროექტებზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარის სურვილი, გაწევრიანდეს ევროკავშირში. მერცმა განაცხადა, რომ თურქეთს ევროკავშირის ახლო პარტნიორად მიიჩნევს და სურს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, მათ შორის, ტრანსპორტის სექტორსა და მიგრაციის საკითხებში
Reuters-ი წერს, რომ NATO-ს მოკავშირეებს შორის საჯარო დაპირისპირება, მერცის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ, თურქეთში პირველი ვიზიტის დროს გამოიკვეთა.