რატომ იქნება ისტორიული, შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

სკანდინავიის ქვეყანა - ნორვეგია ისლანდიასთან და დანიასთან ერთად NATO-ს 12 დამფუძნებელ წევრს შორისაა. 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ალიანსში გაწევრიანებაზე ასევე განაცხადეს მეზობელმა სკანდინავიურმა ქვეყნებმა, ფინეთმა და შვედეთმა.

ფინეთი NATO- 31-ე წევრი მიმდინარე წლის აპრილში გახდა, რითაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ალიანსის საზღვრები რუსეთთან - მაგრამ შვედეთის გაწევრიანების მცდელობა თურქეთის „შეშფოთებების“ ფონზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა.

CNN წერს, რომ ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, შვედეთის წევრობის პერსპექტივები ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს ერთგვარი გარიგებაც კი წამოაყენა და განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთს NATO-ს გაწევრიანების გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუხსნიდა, თუ ბრიუსელი თავის მხრივ, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების გზას გაუხსნიდა.


თუმცა, NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკებების შემდეგ, ორშაბათს, თურქეთი საბოლოოდ დათანხმდა შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას.

უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა ასევე განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.


ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ ხაზი გაუსვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტის ისტორიულ ხასიათს.

„პირველად ისტორიაში, მთელი სკანდინავიური რეგიონი NATO-ს შიგნით იქნება“, - განაცხადა მან სამშაბათს ვილნისუში.

„ამას აქვს ძალიან დადებითი გავლენა იმაზე, თუ როგორ ვგეგმავთ ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს თავდაცვას და როგორ შევიტანთ პოზიტიურ წვლილს NATO-ში”, - განუცხადა იონას გარ სტიორემ ჟურნალისტებს სამიტზე ჩასვლისას.

ორდღიანი სამიტი დღეს, 11 ივნისს დაიწყო.