რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რუსეთთან და მის „მოკავშირეებთან“ დაკავშირებით

ვილნიუსის სამიტის კომუნიკე გმობს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში. ეხება როგორც ბელორუსის და ირანის, ისე ჩინეთის როლს რუსეთის აგრესიაში.

კომუნიკას თანახამად, ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობა დაირღვა. რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ის ნორმები და პრინციპები, რამაც ხელი შეუწყო სტაბილურ და პროგნოზირებად ევროპული უსაფრთხოების წესრიგს. რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევროატლანტიკურ ზონაში.

მისივე თანახმად, ტერორიზმი, ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით, არის ყველაზე პირდაპირი ასიმეტრიული საფრთხე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. საფრთხეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, არის გლობალური და ურთიერთდაკავშირებული.

მოკავშირეების შეფასებით, რუსეთია პასუხისმგებელი უკრაინის წინააღმდეგ მის უკანონო, გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომზე, რომელმაც სერიოზულად შეარყია ევროატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოება და რისთვისაც მას სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.


„ჩვენ არ ვაღიარებთ და არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიებს, მათ შორის ყირიმის ანექსიას. არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს რუსეთის ომის დანაშაულები და სხვა სისასტიკეები, როგორიცაა თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, რომელიც მილიონობით უკრაინელს ართმევს მნიშვნელოვან რესურსებს.

ყველა პასუხისმგებელმა უნდა აგოს პასუხი ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის, განსაკუთრებით, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მათ შორის ბავშვების იძულებით დეპორტაციასა და კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაზე. კახოვკის კაშხლის ნგრევა ხაზს უსვამს რუსეთის მიერ დაწყებული ომის სასტიკ შედეგებს. რუსეთის ომმა ღრმა გავლენა მოახდინა გარემოზე, ბირთვულ უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკასა და სურსათის უსაფრთხოებაზე, გლობალურ ეკონომიკასა და მილიარდობით ადამიანის კეთილდღეობაზე მთელ მსოფლიოში. მოკავშირეები მუშაობენ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გასააქტიურებლად და აქტიურად უჭერენ მხარს საერთაშორისო ძალისხმევას გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად,“- წერია კომუნიკეში.


მოკავშირეების თქმით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს უკანონო აგრესიული ომი, შეწყვიტოს ძალის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები და აღჭურვილობა უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, არ გაუწიონ რაიმე სახის დახმარება რუსეთის აგრესიას და ვგმობთ ყველას ქმედებას, ვინც აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს. ბელორუსის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის აგრძელებს თავისი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, რათა რუსეთის ძალებს მიეცეს საშუალება, შეუტიოს უკრაინას და გაახანგრძლივოს რუსეთის აგრესია.“


კომუნიკეს თანახმად, კერძოდ, ბელორუსმა, ასევე ირანმა, უნდა დაასრულონ (ომში - რედ.) თანამონაწილეობა და დაუბრუნდნენ საერთაშორისო კანონმდებლობას.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციულად ჩაერთოს უკრაინასთან სანდო მოლაპარაკებებში, რუსეთს არ გამოუჩენია ჭეშმარიტი ღიაობა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. რუსეთმა გაზარდა თავისი მრავალდომენიანი სამხედრო ფორმირება და ყოფნა ბალტიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში და ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო შესაძლებლობებს არქტიკაზე.“

NATO და მოკავშირეები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ აუცილებელ, კოორდინირებულ ქმედებებს, მათ შორის შესაბამისი გეგმების განხორციელებას.

„რუსეთის გაღრმავებული სამხედრო ინტეგრაცია ბელორუსთან, მათ შორის მოწინავე რუსული სამხედრო შესაძლებლობების და სამხედრო პერსონალის განლაგება ბელორუსში, გავლენას ახდენს რეგიონულ სტაბილურობაზე და ალიანსის დაცვაზე. NATO სიფხიზლეს ინარჩუნეს და ყურადღებით დააკვირდება შემდგომ მოვლენებს, კერძოდ ბელორუსში ე.წ. კერძო სამხედრო კომპანიების პოტენციურ განლაგებას. ჩვენ მოვუწოდებთ ბელორუსს, შეწყვიტოს ბოროტული განზრახვები მეზობლების წინააღმდეგ, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და დაიცვას საერთაშორისო სამართალი.“


რუსეთმა გააძლიერა ჰიბრიდული ქმედებები NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ, მათ შორის მარიონეტების მეშვეობით.

„ეს მოიცავს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ იძულებას, ფართოდ გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს, მავნე კიბერ აქტივობებს და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების უკანონო და დამღუპველ ქმედებებს“.

ხსენებულიდან გამომდინარე, NATO აძლიერებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებთან დასაპირისპირებლად და უზრუნველყოფს, რომ ალიანსი და მოკავშირეები მზად არიან, შეაკავონ და დაიცვან ჰიბრიდული თავდასხმები.

„ჩვენ ვეძებთ სტაბილურობას და პროგნოზირებადობას ევროატლანტიკურ ზონაში და NATO და რუსეთს შორის. NATO არ ესწრაფვის კონფრონტაციას და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის.

მისი მტრული პოლიტიკისა და ქმედებების ფონზე ჩვენ ვერ მივიჩნევთ რუსეთს ჩვენს პარტნიორად. ჩვენს ურთიერთობებში ნებისმიერი ცვლილება დამოკიდებულია იმაზე, რომ რუსეთი შეაჩერებს თავის აგრესიულ ქცევას და სრულად შეასრულებს საერთაშორისო კანონმდებლობას.

ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ღია კომუნიკაციის არხები მოსკოვთან რისკების მართვისა და შესამცირებლად, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. ამავე დროს, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და შევაფასებთ რუსეთის პოლიტიკისა და ქმედებების გავლენას ჩვენს უსაფრთხოებაზე და ვუპასუხებთ რუსეთის საფრთხეებსა და მტრულ ქმედებებს ერთიანი და პასუხისმგებლობით.

PRC-სა და რუსეთს შორის გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობა და მათი ურთიერთგაძლიერებული მცდელობები, დაარღვიონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს.

ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, შეასრულოს კონსტრუქციული როლი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, დაგმოს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, თავი შეიკავოს რუსეთის ომის მცდელობების ნებისმიერი სახით მხარდაჭერისგან, შეწყვიტოს რუსეთის ყალბი ნარატივის გაძლიერება.

ჩვენ განსაკუთრებით მოვუწოდებთ PRC-ს, იმოქმედოს პასუხისმგებლობით და თავი შეიკავოს რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევისგან“, - ნათქვამია კომუნიკეში. 


NATO-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს თანახმად, შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ალიანსისთვის, რასაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას მოკავშირეთა რეგიონული ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების, ტაბილურობისა და ნაოსნობის თავისუფლების დაცვას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, 1936 წლის მონტრეს კონვენციის მეშვეობით. ჩვენ შემდგომ მონიტორინგს გავუწევთ და შევაფასებთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და გავაუმჯობესებთ ჩვენს სიტუაციურ ცნობიერებას, განსაკუთრებული აქცენტით ჩვენი უსაფრთხოების საფრთხეებზე, და პოტენციურ შესაძლებლობებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში, საჭიროების შემთხვევაში,“ - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კუმუნიკეში.


NATO-ს 90-პუნქტიანი კომუნიკეს შინაარსი ცნობილია. მასში 80-ე პუნქტი საქართველოს ეთმობა. ის იმეორებს იმ შინაარს, რაზეც ალიანსის გენერალური მდივანი 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდა. საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით.