თეიმურაზ კუპატაძის თქმით, 8 ივლისის ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა და ეს იყო მთავარი მიზანი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ 8 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით უშუალო და მთავარი მიზანი დაიცვეს.

კუპატაძის თქმით, ამ დღეს მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფი, 3000-მდე პოლიციელი მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

„მეც ვიღებდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი, კონტრაქციის წარმომადგენელი. ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე.

ლოკაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო და ეს ადამიანები ცდილობდნენ ჩვენი კორდონებისთვის აექციათ გვერდი და მინდვრებით და გრუნტიანი გზებით მიეღწიათ იმ ლოკაციამდე, სადაც პრაიდის ღონისძიება ტარდებოდა.

ვინაიდან სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი უშუალო მოვალეობაა, მივიღეთ გადაწყვეტილება და მოვახდინეთ პრაიდის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია.

გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება და არ დაზიანებულიყვნენ. საბედნიეროდ, ჩვენი უშუალო და მთავარი მიზანი რაც იყო, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ არ დაზიანებულა“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.


8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გამოიყვანა. ძალადობრივმა ჯგუფებმა ცისარტყელას დროშა დახიეს დ ინვენტარი დაარბიეს. ფესტივალი ჩაიშალა.

მომხდარი დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ.