ბულგარეთმა უკრინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ ოფიციალურად პირველად განაცხადა

ბულგარეთი კიევს მძიმე ტექნიკით დაეხმარება. სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინას ბულგარეთმა გამოუყო, 100 ჯავშანმანქანას მოიცავს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

სამხედრო ტექნიკა სოფიამ შსს-ს მარაგებიდან გამოყო. ეს არის პირველი სამხედრო პაკეტი ბულგარეთიდან უკრაინაში, რომელიც ოფიციალურად გამოცხადდა. აქამდე სამხედრო დახმარება გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ მანამდე არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბულგარეთი უკრაინას საბრძოლო მასალებით ეხმარებოდა.

„ეს არის ჯავშანტექნიკა, რომელიც არასოდეს ყოფილა გამოყენებული, რაც გარკვეულწილად, იწვევდა ხარჯებს მათი შენახვისა და მოვლისთვის“, - განაცხადა მმართველი კოალიციის დეპუტატმა.


მისივე თქმით, „უკრაინელები დარწმუნდებიან, რომ ეს ტექნიკა მათთვის სასარგებლო იქნება.“

ჯავშანმანქანები არმიის საცავებში 1980-იანი წლების ბოლოდან ინახებოდა, იტყობინება ამბობს ბულგარეთის მმართველი პარტიის წევრი ივაილო მირჩევი.

მისივე თქმით, ბულგარეთმა სანაცვლოდ, შესაძლოა, ამერიკული დახმარება მიიღოს. დეპუტატის განმარტებით, მანქანების ნაწილი უკრაინაში გაგზავნამდე შეკეთდება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ ევროკავშირის ინიციატივას უერთდება.

აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში იმყოფებოდა. გაფორმდა რიგი შეთანხმებები. ბულგარეთმა უკრაინის ევროინტეგრაციას დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა მხარი.


ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს კიდეც პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა.

პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა.

„თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერდა რამდენიმე დღის წინ უკრაინული მედია kyivindependent-ი.

ზელენსკი ბულგარეთში სწორედ ახალი მთავრობის მიწვევით ჩავიდა.