ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარტია "ევროპული საქართველო" დატოვა და პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ საკუთარ ბლოგზე დაწერა.
როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, პერიოდულად საკუთარ მოსაზრებებს დაინტერესებულ ადამიანებს სოციალური მედიით გააცნობს.
“თუ რადიკალური ცვლილებები გვინდა, ყველამ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ – ოპოზიციამ, ცალკეულმა პარტიებმა, თითოეულმა პიროვნებამ. ფაქტია, რომ ამ სახით გარღვევა არ ხდება. ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას. გამოცდილება, რაც საჯარო სამსახურში 17-წლიანი მუშაობით დამიგორვდა, ეკუთვნის იმ ქვეყანას, რომლის სამსახური ჩემთვის პატივია. სოციალური მედია იძლევა იმის საშუალებას, რომ პერიოდულად ჩემი აზრი დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნო”,- წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
10 თებერვალს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დაადასტურა რომ, "ევროპულ საქართველოში" შიდაპარტიული ცვლილებები იგეგმებოდა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი გიგა ბოკერიამ აღნიშნავს, რომ პარტიაში შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.
“პარტიის შიგნით დისკუსიის პროცესი კარგა ხანია დაიწყო, ეს დისკუსია გაგრძელდება და ყველა ტიპის საკითხზე, მათ შორის ვინმეს პერსონალურ ან გუნდურ გადაწყვეტილებებზე ერთად მოგახსენებთ. შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, ეს არის მთავრობის პროპაგანდა, ადგილი აქვს დისკუსიას, როგორ უნდა გააგრძელოს ამ პოლიტიკურად რთულ მომენტში, პარტიამ მუშაობა. არაფერი ამის მიღმა არ ხდება", - აღნიშნა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს, "ევროპული საქართველო" ელენე ხოშტარიამ დატოვა.