რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე „ტერორისტულ შეტევაში“ უკრაინა დაადანაშაულა.
ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა, სერგეი აქსიონოვმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ ოკუპირებული ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში დრონებით თავდასხმა მოხდა, 9 მათგანი ჩამოაგდეს, კიდევ 19 - რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს.
„ღამით, ყირიმის აღმოსავლეთით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, კიდევ 19 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს“, - განაცხადა აქსიონოვმა.
მისი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ყირიმზე წუხანდელი შეტევის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროც იუწყება. მისი ინფორმაციით, „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა 28 უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა ყირიმის ნახევარკუნძულის ობიექტებზე“.
17 ივლისს რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე შეტევა განხორციელდა „ორი უკრაინული, წყალზედა უპილოტო საფრენი აპარატით", დაიღუპა 2 ადამიანი, 1 დაშავდა და დაზიანდა ხიდის საავტომობილო ნაწილი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ტერორისტული აქტის" მუხლით.
უკრაინულმა მედიამ უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ყირიმის ხიდზე შეტევა იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია, რომლის დროსაც „წყალზედა დრონები“ გამოიყენეს.