ბაიდენი და ნეთანიაჰუ შეხვედრაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერი, ბენიამი ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს წლის ბოლომდე შეხვდებიან.

თეთრი სახლი სპიკერის თქმით, შეხვედრა სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიმართება.


„ლიდერებმა შეთანხმებას სატელეფონო საუბრის დროს მიაღწიეს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, შეხვედრის დეტალებზე ჯერ მუშაობა მიმდინარეობს და მისი გამართვის ადგილი დაზუსტებული არ არის. შეხვედრა ვაშინგტონში ან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უნდა შედგეს.


კირბიმ განმარტა, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება, შეხვდეს ნეთანიაჰუს, არ ნიშნავს, რომ აშშ-ს ნაკლებად აშფოთებს სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები.

ბაიდენი ისრაელის პრეზიდენტ, ისააკ ჰერცოგს ამ კვირაში თეთრ სახლში უმასპინძლებს.