Washington Post-ის თანახმად, აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს.
გამოცემის ინფორმაციით, ყირგიზეთის წინააღმდეგ შეზღუდვები დაწესდება, რადგან ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა რუსეთს „შავ სიაში“ შეტანილ აწვდის პროდუქციას აწვდის, მათ შორის ელექტროტექნიკას, უპილოტო საფრენ აპარატებს, ოპტიკურ სამიზნეებსა და ბომბების საწარმოებლად საჭირო ნაწილებს.
„ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების ყირგიზეთის დედაქალაქში ვიზიტებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ამის გამო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს ახალ ეკონომიკურ ზომებს, რათა ზემოქმედება მოახდინოს ყირგიზეთის მთავრობაზე, რომ ამ უკანასკნელმა რუსეთთან ვაჭრობა შეწყვიტოს.
Washington Post-ის ინფორმაციით, ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მიმდინარე კვირაში იგეგმება.
ცნობისათვის, სანქციების კოორდინატორები ყირგიზეთის გარდა, რამდენიმე ქვეყანას სტუმრობდნენ, მათ შორის, დევიდ ო’ სალივანი 26-28 ივნისს საქართველოში იმყოფებოდა ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად. ვიზიტის მიზანი 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა იყო.
„ეს არის მოწყობილობები, რომლებიც გვაინტერესებს და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საუბარი მხოლოდ საქართველოსთან არ გვაქვს, ელჩი ო’ბრაიენი და მე შემდეგ სომხეთში მივდივართ. ჩვენი ჯგუფი უკვე 5-6 ქვეყანაში არის ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ. როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, როგორ ხდება ამის აღსრულება და აღკვეთა - ეს იყო ფოკუსი და კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი თანამშრომლობა იყო ამ ვიზიტის დროს,” - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა.
2023 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-11 პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის არსებული სანქციების გაძლიერებას და მათი გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლას. დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.