აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ ამერიკელი ჯარისკაცი განზრახ გადავიდა ჩრდილოეთ კორეაში. ამის შესახებ CNN წერს.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ვიკვლევთ სიტუაციას, ვცდილობთ ამ ინციდენტის მოგვარებას”, - განაცხადა ოსტინმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ტრევის კინგი ჩრდილოეთ კორეის პატიმრობაშია მას შემდეგ, რაც გადაკვეთა საზღვარი „განზრახ და ნებართვის გარეშე“, - განუცხადა ოსტინმა ჟურნალისტებს.
18 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი ჯარისკაცი საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. CBS News-ი წერს, რომ ჯარისკაცის მიერ სამხრეთ კორეის დატოვების მიზეზი დისციპლინარულ საკითხებს უკავშირდება. სხვა წყარომ, თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მოგვიანებით განუცხადა CBS-ს, რომ ჯარისკაცი „განზრახ“ გადავიდა საზღვარზე. მისი მოტივაცია კი, გაურკვეველი რჩება.
ცნობისთვის, აშშ-ის მოქალაქე სამხრეთიდან ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ გაერო იუწყება.
გაეროს სარდლობა მართავს დემილიტარიზებულ ზონას და ერთობლივ უსაფრთხოების ზონას (JSA), რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას ჰყოფს. შესაბამისად, მათ განაცხადეს, რომ კაცს „ავტორიზაცია“ არ ჰქონდა გავლილი.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ამჟამად იმყოფება პატიმრობაში და ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ამ ინციდენტის მოსაგვარებლად,“ - განაცხადეს გაეროს სტუქტურაში
ცნობისთვის, სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია.